ეროვნული ნაკრები საქართველოშია და ერთადერთი სიტყვა, რომელიც მას ასობით ქომაგმა შეაგება - მადლობაა. მადლობა ღირსეული ასპარეზობისთვის, ისტორიისთვის, რომელიც საქართველოში დაიწყეს და კეთილ ზღაპრად აქციეს. ევროპული თავგადასავალი ჯერ არ დასრულებულა, ქომაგების ამაღელვებელმა და გულისამაჩუყებელმა დახვედრამ ჩვენს ბიჭებს გული გაუთბო, ნაკრების ავტობუსი წარწერით "საქართველო ევროპაზე" აეროპორტის ტერიტორიიდან გულშემატკივრების არმიამ გააცილა.
შეძახილებით, ოვაციებითა და მადლობით გამოაცილეს ეროვნული ნაკრები გერმანიიდანაც, სასტუმროდან, სადაც გულშემატკივრებმა ჯვაროსნების სამშობლოში დაბრუნებამდე რამდენიმე საათით ადრე მოიყარეს თავი.
ჯვაროსნებზე შეყვარებულმა და გულანთებულმა დიდმა თუ პატარამ - ყველამ, ვინც დღეს დილის 4 საათიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე თავი მოიყარა და ზღაპრის სანატრელ პერსონაჟებთან შეხვედრას მოუთმენლად ელოდა, გზის სავალი ნაწილი სრულად დაიკავა. ნაკრების გამოჩენას მოგყვა უწყვეტი შეძახილები და საცობი მთელი გზატკეცილის ტერიტორიაზე. დიდი ევროპული თავგადასავლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული ეროვნული ნაკრები გულშემატკივარმა ესკორტით გააცილა.
გულანთებული ქომაგები მადლობის გარეშე არ დაუტოვებიათ ქართველ ფეხბურთელებსაც.
აეროპორტის VIP ტერიტორია გულშემატკივრებისთვის დღეს დილით გაიღო, ქართველი ქომაგები მოწინავე პოზიციების დასაკავებლად ერთმანეთს ასწრებდნენ. მთავარი ატრიბუტი საქართველოს დროშა და ეროვნული ნაკრების მაისური იყო.
გულშემატკივრებისთვის დღევანდელი დღე ნამდვილ დღესასწაულად იქცა. სანატრელი გამარჯვების შემდეგ სანატრელ შეხვედრაზე მისულები ამბობდნენ, რომ ამაყობენ ბიჭებით, რომლებმაც მათი პატარა სამშობლო მთელს მსოფლიოს ღირსეულად გააცნეს და დიდ ევროპულ არენებზე ეროვნული ჰიმნი 4 ჯერ გააჟღერეს.
ქომაგები გამთენიისას აეროპორტის მთავარ შენობაშიც შეიკრიბნენ. თავდაპირველად სწორედ იქ ელოდებოდნენ ქართველი ფეხბურთელების გამოჩენას, იყო შეძახილები და სიმღერებიც.
ყველაზე აღელვებულები იყვნენ დღეს პატარა გულშემატკივრები, მომავალი ფეხბურთელები და უბრალოდ ქართულ ფეხბურთზე შეყვარებული პატარები, რომლებმაც კუმირებთან შეხვედრის მოლოდინში მთელი ღამე გაათენეს.
ქართველ გმირებთან შესახვედრად საათების ათვლა მთელმა ქვეყანამ თავიდან დაიწყო. დღეს ეროვნული ნაკრები დედაქალაქის მთავარ გამზირზე მსვლელობას გამართავს, გულანთებულ, ერთგულ გულშემატკივარს კი საღამოს 10 საათიდან თავისუფლების მოედანზე შეხვდება.