თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ბლოგერი უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე, მარიამ იაშვილი პატიმრობაში დატოვა.
დღევანდელ სხდომაზე მსჯელობა მტკიცებულებების დასაშვებობაზე მიმდინარეობდა. ამასთან, გადაისინჯა დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და ის ძალაში დარჩა.
საქმის სპეციფიკის გამო, სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდება.
უჩა აბაშიძის ადვოკატი ამბობს, რომ პროცესზე მან მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლად ცნობა მნიშვნელოვანი დარღვევების გამო მოითხოვა. მისივე განმარტებით, ჩხრეკის დროს, ვიდეოგადაღება არ მომხდარა.
"როცა ადამიანს ჩხრეკენ, მას თავის დასაცავად რამდენიმე მექანიზმი აქვს - მოწმის დასწრება, ვიდეოგადაღება, ადვოკატის მონაწილეობა. მოცემულ საქმეში არც ერთი მათგანი პროკურატურას დაკმაყოფილებული არ ჰქონია. ასევე, მხარეებმა ერთმანეთს მტკიცებულებები უნდა გაუცვალონ, რაც არ მომხდარა - პროკურატურა დაცვის მხარეს მტკიცებულებათა მნიშვნელოვან ნაწილს არ აძლევს. ასევე, საქმეში რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი გხვდება, მათ ჩხრეკის ოქმი, სავარაუდოდ, 2-3 დღის შემდეგ შეადგინეს ჩხრეკის ჩატარებიდან. ჩხრეკის ოქმში გამომძიებლად დაფიქსირებულია პირი, რომელიც მანამდე ამავე საქმეზე მოწმედ იყო გამოკითხული. მიგვაჩნია, რომ მტკიცებულებები დაუშვებელია, ის კანონით დადგენილი წესის დარღვევით არის მოპოვებული... მტკიცებულება, რომელიც საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას არის ამოღებული, ამ სახლში არ იყო აღმოჩენილი. პროკურატურა ამტკიცებს, რომ უჩა აბაშიძის სახლის ჩხრეკა არ გადაუღიათ, თუმცა, შეგახსენებთ, რომ საჯაროდ გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელიც უჩა აბაშიძის სახლშია გადაღებული, სადაც იარაღი იატაკზე ეყარა. ეს კადრები ჯერ შსს-მ გაავრცელა, მერე ტელევიზიებმა. როგორ შეიძლება, თქვა, არ გადაგვიღიაო, როცა ვიდეო გავრცელებულია და პროკურატურამ ეს ვიდეო ბრიფინგზეც საჯაროდ გაავრცელა. ბუნებრივია, გამოძიების მიმართ სანდოობა ნულის ტოლია,"-განაცხადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.
დაკავებული ცოლ-ქმარი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.
ცნობისთვის, უჩა აბაშიძესა და მარიამ იაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა და 236-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება - შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.