24 დეკემბერი 2024,   22:56
ვრცლად
"მომეტებული საფრთხეების გათვალისწინებით მივიღეთ მისი დაკავების გადაწყვეტილება და მოვითხოვეთ პატიმრობა" - პროკურორი აქციის მონაწილე მათე დევიძის საქმეზე

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული 20 წლის მათე დევიძის საქმის პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი აცხადებს, რომ მისი დაკავების შესახებ შუამდგომლობის დაყენების გადაწყვეტილება მომეტებული საფრთხეების გათვალისწინებით მიიღეს.

მისივე თქმით, დაზარალებულ 3 პოლიციელს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ - სახისა და მხრის მიდამოებში.

"მომეტებული საფრთხეების გათვალისწინებით მივიღეთ მისი დაკავების გადაწყვეტილება და მოვითხოვეთ პატიმრობა. ჩვენ გამოვაქვეყნეთ მტკიცებულებათა ნაწილი, მათ შორის საჯაროდ - ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც მკაფიოდაა ასახული, რომ ბრალდებული ჯოხით ესხმის თავს პოლიციის თანამშრომლებს და მათ დაზიანებებს აყენებს. რა თქმა უნდა, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ამ მტკიცებულებებზე მივუთითეთ.

კონკრეტულ შემთხვევაში, დაზარალებულია პოლიციის 3 თანამშრომელი, რომელთაგან ორს აქვს დაზიანებები სახის და მხრის მიდამოში, აღენიშნებოდათ სხვადასხვა ტიპის დაზიანებები. მესამე პოლიციელს ხელზე მოხვდა ეს ჯოხი დარტყმის შედეგად. მისი მხრიდან ქმედება იყო არაერთჯერადი და განმეორებითი ხასიათის," - აცხადებს პროკურორი.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის დროს, ბრალდებულმა მათე დევიძემ სამ პოლიციელს ხის ჯოხით დაზიანებები მიაყენა. პოლიციამ ის გუშინ დააკავა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. უწყებამ დღესვე ფაქტის ამსახველი კადრები გაავრცელა.

დღის ამბები