29 დეკემბერი 2024,   04:07
ვრცლად
თბილისის ცენტრი გადაკეტილია - მოსახლეობა ფეხბურთელების გამოჩენას მოუთმენლად ელის

თბილისის ცენტრი ისევ გადაკეტილია, თუმცა არა პროტესტის, არამედ ზეიმის მიზნით - ყველა ერთად აღნიშნავს იმ დაუვიწყარ ორ კვირას, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ქართველ გულშემატკივარს აჩუქა. ქართველი ხალხი თავისი ფეხბურთელებით ამაყობს, ფეხბურთელები კი - საკუთარი გულშემატკივრით.

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალამდე მისული დებიუტანტი ნაკრების თითოეული წევრის სახელი, გვარი და მაისურის ნომერი უკვე ყველამ ზეპირად იცის. სწორედ ნაკრების ფეხბურთელების მაისურებშია გამოწყობილი დღეს ქუჩაში ხუთჯვრიანი დროშებით გამოსული ათობით ათასი ადამიანი. ყველა მოუთმენლად ელოდება ეროვნული ნაკრების ღია ავტობუსის გამოჩენას.

გულშემატკივარი ქუჩაში დილიდანაა გამოსული და, საქართველოსთან ერთად, თავიანთი გმირების სახელებს სკანდირებენ.

"დილას აეროპორტშიც ვიყავით მისულები, 6 საათიდან ველოდებოდით. არ შეიძლება, მადლიერება რომ არ გამოვხატოთ ბიჭების მიმართ, იმხელა შრომა ჩადეს,"- აცხადებს "კურიერთან" ერთ-ერთი გულშემატკივარი თათა რამიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები სამშობლოში დღეს დაბრუნდნენ. იქამდე, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრების დამარცხება, ჯგუფიდან გასვლა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ასპარეზობა მოახერხა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები მსვლელობისთვის ემზადებიან.

დღის ამბები