06 ივლისი 2024,   01:43
ვრცლად
"ცოტა შეგვეშინდა ახლოს მისვლა, მაგრამ მაინც მივედით, დახმარების მიზნით" - რას ჰყვებიან თვითმხილველები, რომლებიც ბოლნისში ავიაკატასტროფას შეესწრნენ

უკვე მეორე დღეა, სოფელ დისოლში, თვითმხილველები ავიაკატასტროფას დეტალურად იხსენებენ.

ადგილობრივების თქმით, შემთხვევის ადგილზე მისვლისას იმედი ჰქონდათ, რომ მოახერხებდნენ სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავის პილოტის გადარჩენას, თუმცა, როგორც აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე მისვლისას მძიმე სურათი დახვდათ.

სამართალდამცველებმა ყველა მოწმე გამოიკითხეს. მათგან ნაწილი შემთხვევის ადგილზე, ნაწილი კი განყოფილებაში გამოჰკითხეს.

"როგორც კი [შემთხვევის ადგილზე] გადავედით, ძრავის ნარჩენები ეყარა, ბოლი ადიოდა. როცა შევნიშნე, ცოტა შეგვეშინდა ახლოს მისვლა, მაგრამ მაინც მივედით, დახმარების მიზნით. ვიფიქრეთ, ან კატაპულტირება მოხდა, ან რაღაც. პოლიციამ დაგვკითხა - რა შენიშნეთ, რა დაინახეთ, ასეთი დაკითხვა გვქონდა. გავეცით პასუხები, ხმაურზე გავედით და მოხდა ასეთი შემთხვევა", - განაცხადა თვითმხილველმა.

მოკვლევის წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია. ოფიციალური ინფორმაციით, საფრენი აპარატი, გაფრენამდე, ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად შემოწმდა, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. შემთხვევის ადგილზე, ამ დრომდე, თავდაცვის მინისტრი და სამხედრო პოლიცია იმყოფება.

როგორც ცნობილია, უკვე იპოვეს კონკრეტული მტკიცებულებები, მათ შორის ე.წ. შავი ყუთი, რომლის ჩანაწერების გაშიფვრის შემდეგაც საბოლოო დასკვნა გახდება ცნობილი.

დღის ამბები