09 ივლისი 2024,   01:02
ვრცლად
ერთ დღეში ანტიგმირებად ქცეული გმირები - ეროვნულ ნაკრებს, მიღებულ ჯილდოზე მადლობის გამო აკრიტიკებენ

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, რომლებსაც ჯერ კიდევ გუშინ ტაშს უკრავდნენ, საჯარო მადლობას ეუბნებოდნენ და მათი თამაშით აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, დღეს სამოქალაქო აქტივისტების, მწერლებისა და პოლიტიკოსების ერთი ჯგუფისთვის კატეგორიულად მიუღებელი გახდა. მიუღებელი იმიტომ, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფიდან გასვლის გამო, ბიძინა ივანიშვილის მიერ მათთვის პრემიად გაცემული 30 მილიონი ლარი აიღეს და ამისთვის ყოფილ პრემიერს საჯარო მადლობა გადაუხადეს.

ფეხბურთელების შეურაცხყოფა, დამამცირებელი სიტყვებით მოხსენიება, ნამუსზე აგდება ლგბტ თემის მხარდამჭერი სამკლავურის გამო - საჯარო ბულინგის მცდელობის ავტორები არიან: ანა სუბელიანი, შალვა ნათელაშვილი, ლაშა ბუღაძე და სხვები. მათ შორის არ არიან "ნაციონალური მოძრაობისა" და და სხვა პარტიების ლიდერები, თუმცა მმართველი გუნდისთვის ესეც საკმარისია. "ოცნება" დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის გუნდმა თავად ვერ გაბედა, მაგრამ ფეხბურთელებზე თავდასხმის ბრძანება მის მხარდამჭერებს მისცა.

შალვა ნათელაშვილისთვის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ყოფილ გმირებად მხოლოდ მადლობის გამო იქცნენ, რომელიც ფეხბურთელებმა ბიძინა ივანიშვილს გადაუხადეს. "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე სპორტსმენების საჯარო პოზიციას ისტორიულ შეცდომას და უპრინციპობასაც უწოდებს. განსაკუთრებით აკრიტიკებს გუნდის კაპიტანს.

საჯარო მადლობა მიუღებელი ოპოზიციის ბევრი მხარდამჭერისა და აქტივისტისთვის აღმოჩნდა, რომლებმაც ნაკრების წევრების მისამართით სოციალურ ქსელში არაერთი შეურაცხმყოფელი სტატუსი გამოაქვეყნეს. მათთვის, ვისთვისაც წინა დღეებში ეროვნული ნაკრების წევრები ისტორიული გამარჯვების შემოქმედი გმირები იყვნენ, დღეს სამაგალითოები აღარ არიან, რადგან უპრეცედენტო პრემიაზე უარი არ თქვეს და მეტიც, მადლიერება გამოხატეს.

ივანიშვილისთვის გადახდილმა გულწრფელმა მადლობამ ოპოზიციის ნამდვილი სახე გამოააშკარავა - ასეთია პარლამენტის თავმჯდომარის გამოხმაურება. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში შალვა პაპუაშვილი წერს, რომ განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" და მათი მიმდევრების იდეოლოგია, რაც მისივე განმარტებით, მიუღებელ აზრზე ძალადობას ნიშნავს, თანაც ევროპის სახელით.

ერთ დღეში შეცვლილი დამოკიდებულების მმართველ გუნდს არ სჯერა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათმა ოპონენტებმა მათთვის მიუღებელი პოზიციის გამო, ფეხბურთელებზე ფსიქოლოგიურად პირველივე შესაძლებლობაზე იძალადეს, თუმცა არა პირდაპირ. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპოზიციის ლიდერებმა ფეხბურთელებზე საჯარო თავდასხმა თავად ვერ გაბედეს და ბულინგის კამპანია საკუთარი აქტივის საშუალებით დააორგანიზეს.

ეროვნული ნაკრები პრემიის სახით მიღებულ ჯილდოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე, კაპიტნის სახელით გავრცელებული განცხადებით გამოეხმაურა. 30 მილიონი ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის სანაცვლოდ გადაეცა. გურამ კაშია მადლობას უხდის ფონდ "ქართუსა" და ბიძინა ივანიშვილს მათი შრომის დაფასებისთვის და ფეხბურთის მხარდაჭერისთვის. კაშია განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს ქართველი გულშემატკივრების მისამართითაც. ნაკრების წევრებმა გუშინ ინდივიდუალური განცხადებებიც გააკეთეს, როდესაც პატრიარქის რეზიდენციაში მასთან შესახვედრად მივიდნენ და ილია მეორისგან დალოცვაც მიიღეს.

ივანიშვილის 30 მილიონის გარდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ფულადი ჯილდო გადაეცემა ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს, UEFA-გან. საუბარია 12 მლნ ევროზე რაც, დაახლოებით, 36 მლნ ლარია.

დღის ამბები