09 ივლისი 2024,   00:02
ვრცლად
ოპოზიციიდან ხელისუფლებაში - 14 წლის შემდეგ პირველად, დიდ ბრიტანეთში ძალაუფლება ლეიბორისტებმა გადაიბარეს

ოპოზიციიდან ხელისუფლებაში - 14 წლის შემდეგ პირველად, დიდ ბრიტანეთში ძალაუფლება კონსერვატორებისგან ლეიბორისტებმა გადაიბარეს. შედეგებს პრესაში უკვე უწოდეს "ლეიბორისტების მეწყერი". არსებული მონაცემებით, ლეიბორისტებმა თემთა პალატაში 650-დან 410 მანდატი მიიღეს, კონსერვატორებმა კი - 131. ხმების სრულად დათვლის შემდეგ, მათ შეიძლება პარლამენტში ადგილების უპრეცედენტო რაოდენობა მოიპოვონ. ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, მოსახლეობას მადლობა გადაუხადა ქვეყანაში პოლიტიკური პერფორმანსის დასრულებისთვის.

შედეგების მიხედვით, ბრიტანეთის კონსერვატიულმა პარტიამ, რომელმაც მნიშვნელოვანი მარცხი განიცადა, ოპოზიციაში გადაინაცვლა. კონსერვატორებს ასეთი ცუდი შედეგი არასდროს ჰქონიათ. რიში სუნაკმა დამარცხება აღიარა და თქვა, რომ ბრიტანელმა ხალხმა პარტიას "გამომაფხიზლებელი განაჩენი გამოუტანა". სუნაკმა მარცხზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

სუნაკმა მეფეს პოსტის დატოვების შესახებ შეატყობინა. მეფე ჩარლზმა რიში სუნაკის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა დააკმაყოფილა. მეფემ ლეიბორისტების ლიდერიც მიიღო. მან კირ სტრამერი პრემიერად ოფიციალურად დანიშნა და ახალი მთავრობის ჩამოყალიბება სთხოვა. არჩევნების შედეგებმა ბრიტანეთში აზრი ორად გაყო - ნაწილი პოლიტიკურ ცვლილებას მიესალმება, ნაწილი კი აცხადებს, რომ პროგრესს არ ელის.

ვინ არის დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერი - კირ სტრამერი 61 წლის იურისტია, რომელიც ამაყობს და მუდამ ხაზს უსვამს, რომ მუშათა კლასის ოჯახში გაიზარდა. ის 2020 წლის აპრილში ოპოზიციის ლიდერი მას შემდეგ გახდა, რაც ლეიბორისტებმა ჯერემი კორბინის მეთაურობით, 2019 წლის არჩევნებში დიდი სხვაობით წააგეს. სტრამერმა ლეიბორისტების ლიდერის არჩევნებში მაშინ მარტივად გაიმარჯვა. მოგვიანებით, მან პარტიაში რეფორმები გაატარა. სტრამერი ამბობს, რომ მისი მიზანია, სამყარო შედარებით სამართლიან გარემოდ აქციოს.

ახალი პრემიერი მთელი მსოფლიოდან უკვე მილოცვებს იღებს. არჩევნებში გამარჯვება კირ სტრამერს მიულოცა ევროკომისიის პრეზიდენტმა, გერმანიის კანცლერმა, ავსტრალიისა და კანადის პრემიერებმა, ისრაელის პრეზიდენტმა. ახალ პრემიერს წარმატებები უსურვა საქართველოს პრემიერმაც.

დღის ამბები