09 ივლისი 2024,   00:37
ვრცლად
გვარამია-მელიას "ახალი", ახალ ოპოზიციურ პლატფორმას ქმნის - ვინ იქნება სიაში და რა კონფიგურაციით წარდგება ახალი ოპოზიციური პლატფორმა 26 ოქტომბრის არჩევნებზე

პარტია "ახალს", "ლელოს", ზურა ჯაფარიძის "გირჩსა" და ელენე ხოშტარიას "დროას" შორის მოლაპარაკებები, ბოლო ფაზაშია. ეს 4 პოლიტიკური ძალა მომავალი არჩევნებისთვის ერთიანდება. საბოლოო დეტალებზე შეთანხმების შემდეგ საზოგადოების წინაშე ერთ გაერთიანებად წარდგებიან. ინტერესების მიღმა დარჩა ”ნაციონალური მოძრაობა”. პარტია "ახალში" დღეს ოფიციალურად დაადასტურეს, რომ "გირჩი" და "დროა" მათთან პარტნიორობისთვის ემზადებიან. სწორედ შეთანხმების მიღწევა გახდა მიზეზი, რის გამოც გვარამია-მელიას პოლიტიკურმა ძალამ, ხვალ, პარტიის თბილისის ორგანიზაციის დაფუძნება გადადო.

გვარამია-მელიას, ჯაფარიძე-ხაზარაძეს, ზურა გირჩსა და ელენე ხოშტარიას შორის კონსულტაცია, რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. "ლელოში" ამბობენ, რომ მეტი დეტალი ზუსტად რა კონფიგურაციით ჩამოყალიბდება ერთობა, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, თუმცა, ერთი რაზეც აქტიური მსჯელობა მიდის, ამ 4 პარტიის საერთო სიაა.

საპარლამენტო უმრავლესობაში ოთხი პარტიის სამომავლო ერთობას უშედეგოს უწოდებენ და ამბობენ, რომ მათ გაერთიანებას ამომრჩევლის მხარდაჭერა არ ექნება.

”ნაციონალური მოძრაობის” მოქმედი თავმჯდომარისთვის, ყოფილი თავმჯდომარის და ამავე პარტიის ასევე ყოფილი წევრების საარჩევნო კონფიგურაცია მოულოდნელი აღმოჩნდა. თავის მხრივ, ”ნაციონალური მოძრაობა” ბრიუსელში ხელმოწერილი ერთობის დეკლარაციით განსაზღვრულ 8 ივლისამდე ცდილობს მომავალ პარტნიორებთან მოლაპარაკებები დაასრულოს. უცნობია, ვისთან შეკრავენ გაერთიანებას, თუმცა ცნობილია, რომ ოპოზიციის უმრავლესობისთვის "ნაციონალური მოძრაობა" წითელ ხაზად რჩება.

მმართველი პარტიის შეფასებით, ოპოზიციის ახალი კონფიგურაციები პოლიტიკურ ველზე ვერაფერს შეცვლის. ”ქართულ ოცნებაში” ოპონენტებს წარსულს ახსენებენ და ამბობენ, რომ მათ საზოგადოებისთვის სიახლის შეთავაზება არ შეუძლიათ.

ვინ ვისთან გაერთიანდება და როგორ გადანაწილდებიან ოპოზიციური პარტიები - ეს მომავალი კვირას გახდება ცნობილი.

დღის ამბები