09 ივლისი 2024,   03:55
ვრცლად
რუსი დისიდენტი, რომელმაც გასულ წლებში რუსეთის მთავრობა მის მოწამვლაში დაადანაშაულა, ციხის საავადმყოფოშია

რუსი დისიდენტი, ვლადიმერ კარა-მურზა ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს - ამის შესახებ მისი მეუღლე იუწყება. როგორც ევგენია კარა-მურზა სოციალურ ქსელ X-ზე წერს, ოფიციალური პირები პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

ვლადიმერ კარა-მურზა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და უკრაინაში წარმოებული ომის კრიტიკის გამო დააპატიმრეს. 2015 და 2017 წლებში, კარა-მურზამ რუსეთის ხელისუფლება მის მოწამვლაში დაადანაშაულა.

დისიდენტის მეუღლის ინფორმაციით, ადვოკატები ომსკის ციხის კოლონიაში მივიდნენ და პატიმრის მონახულება სცადეს, თუმცა მისი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია 5 საათის განმავლობაში ვერ მიიღეს, შემდეგ კი საავადმყოფოში მისი მონახულების უფლება არ მისცეს.

კრემლის ღია კრიტიკოსი, ვლადიმერ კარა-მურზა 2022 წლის აპრილში დააკავეს. მას 2023 წელს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა რუსული არმიის შესახებ "ცრუ" ინფორმაციის გავრცელებისა და "არასასურველ ორგანიზაციებთან" კავშირის ბრალდებით.

კარა-მურზა პრეზიდენტ პუტინს განსხვავებული აზრის დევნისა და უკრაინაში ომის დაწყების გამო აკრიტიკებდა. ამასთან, მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დასავლეთის დარწმუნებაში, დაესანქცირებინათ რუსი ჩინოვნიკები.

 წყარო: BBC

დღის ამბები