06 ივლისი 2024,   09:26
ვრცლად
შეერთებულ შტატებს, საქართველოსთვის მხოლოდ მშვიდობა, კეთილდღეობა და დამოუკიდებლობა სურს - რობინ დანგანი

საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ამერიკის შეერთებული შტატები, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღებას მართავს. როგორც დანიგანმა აღნიშნა, შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის მხოლოდ მშვიდობა, კეთილდღეობა და დამოუკიდებლობა სურს.

ამასთან, რობინ დანიგანმა საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს, და ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ევროპის ჩემპიონატში ისტორიული ასპარეზობა მიულოცა:

"დამოუკიდებლობის დღეს, ამერიკელები ერთად აღვნიშნავთ ჩვენს თავისუფლებას. ეს არის დღე, როდესაც ვფიქრდებით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის გაღებულ უზარმაზარ მსხვერპლზე და ეს არის დღე, როდესაც გვახსოვს, რომ თავისუფლებას დიდი ფასი აქვს, თუმცა, ამავდროულად, ეს არის ზეიმის, ოპტიმიზმისა და სიხარულის დღე.

ამიტომ, მსურს ამ საღამოს ზეიმი დავიწყოთ იმით, რომ მივულოცო გუნდს, რომელმაც მთელს საქართველოს და ყველას, ვისაც საქართველო გვიყვარს, დიდი სიხარული და ოპტიმიზმი მოგვიტანა - ვულოცავ ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს და ყველა საქართველოს მოქალაქეს ევროპის ჩემპიონატში ისტორიულ ასპარეზობას! ამერიკული ოცნების არსი არის რწმენა იმისა, რომ თუ თავისუფალ საზოგადოებაში იცხოვრებ, იშრომებ და ძალისხმევას არ დაიშურებ, შეძლებ შენი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის უკეთესი ცხოვრების შექმნას. ეს რწმენა და ოპტიმიზმი არის ამერიკული სულისკვეთების არსი და მე მჯერა, რომ ეს არის ქართული სულისკვეთების არსიც.

მე ხშირად მაოცებს ქართველებისა და ამერიკელების მსგავსება, როდესაც საქმე ეხება ოპტიმიზმს ჩვენი მომავლისა და ჩვენი შვილების მომავლის მიმართ. რწმენა, რომ ჩვენ შეგვიძლია და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესებას და ჩვენი ქვეყნების გაძლიერებას. მაგრამ ამისათვის აუცილებელია ძალისხმევის გაგრძელება.

ქართველ ხალხსაც დამოუკიდებლობისთვის და საერთო ოცნებისკენ სწრაფვის ხანგრძლივი ისტორია აქვს -ოცნებისა, რომ ერთ დღეს მათი შვილები უფრო სრულყოფილ სამყაროში იცხოვრებენ.

ამერიკელების მსგავსად, ქართველებსაც მუდმივი ძალისხმევის გაღება უწევდათ დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად.

ჩვენ დიდად ვაფასებთ ქართველ ხალხს და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც 2008 წელს სიმამაცით იბრძოდნენ საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ.

დღეს, მსოფლიოს მრავალ ადგილას ვხედავთ ადამიანებს, ვისაც დემოკრატია აშინებს - ვხედავთ მათ, ვინც ნერგავს შიშს, პროგრესის შთაგონების ნაცვლად და მათ, ვინც მშვიდობიან თანაცხოვრებას ძალის გამოყენებას ამჯობინებს. მაგრამ მე მჯერა, რომ დემოკრატია გაიმარჯვებს. და რომ, როგორც დემოკრატიებს, ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ წარმატებას და შევქმნათ უკეთესი ქვეყანა მომავალი თაობებისთვის. შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის მხოლოდ მშვიდობა, კეთილდღეობა და დამოუკიდებლობა სურს. ჩვენ გავაგრძელებთ თითოეულ ქართველთან თანამშრომლობას, რათა მხარი დავუჭიროთ ღია და წარმატებულ საქართველოს, რომელსაც აქვს უნარი დაიცვას საკუთარი თავი. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს განათლების სისტემას და ეკონომიკურ ზრდას. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას და აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა გასული 32 წლის განმავლობაში წარმოუდგენელი წარმატების ისტორიაა ორივე ქვეყნისთვის, სარგებლის მომტანი როგორც ამერიკელების, ასევე ქართველებისთვის

აშშ-სთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ათწლეულის განმავლობაში გაწეული შრომისა და პარტნიორობის შედეგად მიღწეული პროგრესით, ქართველმა ხალხმა მოიპოვა შესაძლებლობა, რომ ერთ დღეს გახდეს ევროკავშირის წევრი. იმედი მაქვს, საქართველო გამოიყენებს ამ შესაძლებლობას.

ჩვენი დამოუკიდებლობის დღე არის გახსენება, რომ თავისუფლებისკენ სწრაფვა უწყვეტი გზაა. ეს არის გახსენება იმისა, რომ ძალა ოპტიმიზმშია, რომ ძალა ჩვენი დემოკრატიის გაძლიერებისთვის ბრძოლაშია და რომ ძალა ერთმანეთის მხარდამხარ დგომაშია იმ პრინციპების დასაცავად, რომლებიც გვაერთიანებს. გთხოვთ, შემომიერთდით, და წარმოვთქვათ ჩვენი თავისუფლების, ჩვენი პარტნიორობისა და ჩვენი შვილების მომავლის სადღეგრძელო. დაბადების დღეს გილოცავ, ამერიკა!" - განაცხადა რობინ დანიგანმა.

აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატების საელჩოში რობინ დანიგანმა მთავრობის მეთაური, მინისტრთა კაბინეტის წევრები საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია მიიწვია. მიღებაზე იმყოფებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების პირველი პირებიც.

ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ მიღებაზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებიც, მათ შორის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე. ორივე მათგანზე გარკვეული მედიასაშუალებები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ისინი სანქცირებულთა სიაში არიან და მათზე სავიზო შეზღუდვები მოქმედებს.

 

დღის ამბები