24 ოქტომბერი 2024,   00:14
ვრცლად
მამაკაცმა შშმ პირი ჯერ სცემა, შემდეგ გააუპატიურა - მძიმე დანაშაული ქედაში

სექსუალური ძალადობის ფაქტი მაღალმთიან აჭარაში - ქედაში, გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის მამაკაცმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალი ჯერ სცემა, შემდეგ კი მასზე სექსუალურად იძალადა.

35 წლის ქალი მშობლებთან ერთად ცხოვრობს. გავრცელებული ვერსიით, მოძალადე სახლში ახალგაზრდა ქალის მარტო დარჩენას ელოდებოდა. მეზობლები ამბობენ, რომ ხმაური არ გაუგიათ, მომხდარის შესახებ კი მაშინ შეიტყვეს, როდესაც ადგილზე სასწრაფო მივიდა. ქალის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მოძალადე მიიმალა. გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის მამაკაცი, ბათუმიდან, ქედაში სტუმრად იმყოფებოდა. მისი მასპინძლის სახლი "კურიერს" დაკეტილი დახვდა.

სამართალდამცველებმა სავარაუდო მოძალადე მალევე დააკავეს. გამოძიება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ ჩადენილი გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობს. ოფიციალური ვერსიით, დაკავებული ნასამართლევია.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, 35 წლის ქალის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ჩატარდა ექსპერტიზები. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 30 წლის მამაკაცს 10-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები