25 ოქტომბერი 2024,   16:21
ვრცლად
10 წლის შემდეგ მოპოვებული გამარჯვება - "ბორჯღალოსნების" ისტორიული გამარჯვება იაპონიასთან

"ბორჯღალოსნების" ისტორიული გამარჯვება იაპონიასთან და ემოციები, რომელიც თითოეულ მორაგბესა და მათ გულშემატკივარს არასოდეს დაავიწყდება - საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ტიერ 1-ის მესამე გუნდი, იაპონია სტუმრად 25:23 დაამარცხა. ამ გუნდებს შორის ეს მეშვიდე დაპირისპირება იყო. ქართველებმა აზიის საუკეთესო გუნდს, 10 წლის შემდეგ, მეორედ მოუგო. ხოლო მათივე მოედანზე კი პირველად.

თამაში დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. იაპონელებმა პირველივე წუთებიდან შეუტიეს, რასაც მათი დაწინაურება მოჰყვა. დაძაბული პირველი ნახევრის მიუხედავად, ქართველებმა ტაიმის მოგება შეძლეს. მეორე ნახევარიც იაპონიის აქტიური შეტევებით დაიწყო, რამაც მათი თამაშში მეორედ დაწინაურება გამოიწვია. მატჩის მიწურულს, "ბორჯღალოსნებმა" გაბრძოლება შეძლეს და 72-ე წუთზე გიორგი ჯავახიას ლელოთი, 5 ქულა მოიპოვეს, რასაც მატკავას ზუსტი გარდასახვა მოჰყვა და საქართველოს ნაკრებმა მატჩის მოგება შეძლო. ქართველმა მორაგბეებმა სულ სამი ლელოს დადება შეძლეს, ლუკა მატკავამ კი ორი ჯარიმითა და ორი გარდასახვით, გუნდს 10 ქულა მოუტანა.

გამარჯვებამ დიდი ემოციები გამოიწვია გასახდელში, სადაც მორაგბეები და სამწვრთნელო შტაბი ერთად აღნიშნავდა ისტორიულ შედეგს. რიჩარდ კოკერილმა მორაგბეებს მიულოცა და შემდგომი მატჩისთვის გაამხნევა.
 
ზაფხულის ტესტ-მატჩების ბოლო სერიას რიჩარდ კოკერილის ნაკრები ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან, ავსტრალიასთან გამართავს. მორაგბეებმა მომდევნო მატჩის მოლოდინებზე და სირთულეებზე ისაუბრეს.

"ბორჯღალოსნები", ხვალ ავსტრალიაში გაემგზავრებიან და 20 ივლისის მატჩისთვის მზადებას იქ განაგრძობენ. დაპირისპირება საქართველოს დროით 09:45-ზე დაიწყება.

ავტორი: ნინი წულაია. 

დღის ამბები