25 ოქტომბერი 2024,   16:31
ვრცლად
უფასო სკრინინგი, დიაგნოსტიკა, მკურნალობა და მედიკამენტები - C ჰეპატიტის შემდეგ, B ჰეპატიტის პროგრამა

მოქალაქეებმა, დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარების მიზნით, სამედიცინო დაწესებულებებს უკვე მიმართეს.

საქართველოში, B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში გათვალისწინებულ სერვისებს პაციენტები სრულიად უფასოდ მიიღებენ. უსასყიდლოდ გადაეცემათ ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტებიც. პროგრამაში ავტომატურად ჩაერთვებიან ის პირები, რომლებსაც ღვიძლის დაზიანების ხარისხი 2-ზე მეტი აქვთ და ანტივირუსულ მკურნალობაზე იმყოფებიან. ის პაციენტები კი, ვისაც, ამ ეტაპზე, მკურნალობა არ ესაჭიროებათ, განმეორებით დიაგნოსტიკურ კვლევებს, ექიმის დანიშნულების შესაბამისად, 12 თვეში ერთხელ ჩაიტარებენ.

ბოლო კვლევით, საქართველოში ქრონიკული B ჰეპატიტი 70 000 ადამიანს აქვს. ანტივირუსული მკურნალობა მხოლოდ 35 000-ს სჭირდება. მხოლოდ ინფექციურში, სახელმწიფო პროგრამის დაწყების შემდეგ, 100-ზე მეტი პაციენტი ჩაერთო. ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი პროგრამის დადებით შედეგებზე საუბრობს და ამბობს, რომ მიზანი საქართველოში B ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირებაა.

საქართველოს მასშტაბით, პროგრამაში 15-მდე კლინიკაა ჩართული. სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში B ჰეპატიტზე ტესტირებისა და დიაგნოსტიკის პროცესი დაწყებულია. სამკურნალო მედიკამენტი კი სექტემბრის თვიდან იქნება ხელმისაწვდომი.

იმ პირებს, ვისაც B ჰეპატიტი არ დაუდასტურდებათ, პრევენციის მიზნით, პროგრამის ფარგლებში, ქრონიკული დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაციას შესთავაზებენ, რომელიც, ასევე, სრულად ანაზღაურდება სახელმწიფოს მხრიდან.

დღის ამბები