08 სექტემბერი 2024,   03:24
ვრცლად
"რისი ტერორიზმი კაცო, მე ვარ უბრალოდ მეომარი, მეტი არაფერი" - ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე კონსტანტინე ჯღამაია გამოიკითხა

ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მიზნით, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება გრძელდება. საქალაქო სასამართლოში ერთი საათის წინ მივიდა უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი კონსტანტინე ჯღამაია. ის მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უკვე გამოიკითხა.

ჯღამაიამ გამოკითხვის დეტალებზე მედიასთან საუბარი არ ისურვა.

"მკითხეს ჩემი გვარი-სახელი და ვუპასუხე... არ მახსოვს მეტი არაფერი... რისი ტერორიზმი კაცო?!.. ტერორიზმზე იყო შეკითხვები, მაგრამ ზუსტად არ მახსოვს, რა შეკითხვები იყო. გულახდილად გავეცი პასუხები, საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს, მე ვარ უბრალოდ მეომარი, მეტი არაფერი," - აღნიშნა კონსტანტინე ჯღამაიამ.

რაც შეეხება მის ადვოკატს, როგორც ჯღამაიას ადვოკატი, თორნიკე ჩიქოვანი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მიმდინარე საქმესთან არანაირი კვეთა არ აქვს.

"საქმეს ადევს გრიფით "საიდუმლო." შინაარსობრივ დეტალებზე მე ვერ ვისაუბრებ. საქმის ირგვლივ საუბარი იყო. ასევე, ბატონი კონსტანტინეს ცხოვრების წესზე, იმაზე, რომ ის უკრაინაში იბრძოდა გარკვეული პერიოდი რუსეთის წინააღმდეგ. ამ საკითხთან დაკავშირებით იყო კითხვები და კონკრეტულად იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით. დანარჩენ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა კონსტანტინე ჯღამაიამ მიაწოდა არსებული ინფორმაცია, მას რა ინფორმაციაც ჰქონდა და კიდევ ერთხელ გაირკვევა, რომ მას არანაირი კავშირი არა აქვს კონკრეტულად ამ გამოძიებასთან და მან სრულად მისცა ჩვენება," - განაცხადა ადვოკატმა და დასძინა, რომ დანარჩენ დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი.

დღესვე ჩვენებას მისცემს ლაშა რუხაიაც, რომელსაც სასამართლოში ამ წუთებში ელოდებიან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს ტერორისტული აქტის მომზადებისა და შეთქმულების ფაქტზე. საქმე ეხება უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, მკვლელობის მომზადების ფაქტს.

დღის ამბები