25 ოქტომბერი 2024,   16:27
ვრცლად
დატბორილი სახლები, წაქცეული ხეები და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა - ქვეყნის სამ რეგიონს სტიქიამ გადაუარა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს სტიქიის კვალი დღესაც ეტყობა. გადაუღებელმა ძლიერმა წვიმამ, ჯერ ქუჩები დატბორა, შემდეგ კი, წყალი საცხოვრებელ სახლებში შევიდა.

სოფელ ჭიაურში, ადგილობრივები, 2 დღეა სახლიდან წყლის ამოტუმბვას ცდილობენ. დაზიანებულია ავეჯი და საოჯახო ტექნიკა. დაზარალებულები ამბობენ, რომ სახლის პირველი სართული საცხოვრებლად აღარ გამოდგება.

ძლიერმა ქარმა და სეტყვამ, ლაგოდეხის რაიონში ოცამდე სახლი დააზიანა. მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები. მოსახლეობის ნაწილს, დენი არ მიეწოდებოდა.

ძლიერმა ქარმა სათბურებიც დააზიანა, განადგურებულია ბოსტნეული. დაიტბორა სახნავ-სათესი მიწებიც.

სტიქიამ პრობლემები შექმნა გურიაშიც. ძლიერი წვიმის გამო, წყალმა დაფარა ოზურგეთის ცენტრალური ქუჩები. დატბორილია, საკვები ობიექტები, სილამაზის სალონები და სასურსათო მაღაზიები. შეიზღუდა ავტომობილების მოძრაობა.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულებიც დაიტბორა.

სტიქიის შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან გორის მუნიციპალიტეტში. ძლიერი ქარისა და სეტყვის გამო მოტეხილი ხე, საცხოვრებელ სახლს დაეცა, გაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც, სოფელს დენი არ მიეწოდებოდა.

სამივე მუნიციპალიტეტში ზარალის დამთვლელი კომისია 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ზუსტი ოდენობა, რამდენიმე დღეში გაირკვევა.

დღის ამბები