25 ოქტომბერი 2024,   16:26
ვრცლად
მოწმის სტატუსით, 4 პირი გამოჰკითხეს - ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოძიება გრძელდება

ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება გრძელდება. გამოკითხვები დღეს ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა როგორც სუს-ში, ისე - საქალაქო სასამართლოში.

მოწმის სტატუსით, გამოჰკითხეს 4 პირი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

კარლო მუხაური იყო ერთ-ერთი მოწმე, რომელიც დღეს სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა. მან ტერორიზმის საქმესთან კავშირი უარყო.

მუხაურის უფლებადამცველის, ივანე პეტრიაშვილის განცხადებით, არ აქვს უფლება, სასამართლოში მიმდინარე გამოკითხვასთან დაკავშირებით ისაუბროს.

"მოკლებული ვარ შესაძლებლობას, რომ სასამართლოს სხდომაზე გაჟღერებული საკითხების თაობაზე რაიმე ინფორმაცია მოგაწოდოთ. რაც შეეხება შეკითხვას კონკრეტულ ობიექტებთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რომ არ დასმულა ასეთი შეკითხვები და ბუნებრივია, არ ყოფილა ამაზე რაიმე მსჯელობა სასამართლოზე", - განაცხადა ადვოკატმა.

დღის ამბები