17 აგვისტო 2026,   14:11
ვრცლად
გვაქვს ისტორიული შედეგი - პირველად, სპორტის 6 სახეობაში მოვიპოვეთ ლიცენზიები და პარიზში 14 პარასპორტსმენით ვიასპარეზებთ - რატი იონათამიშვილი

პარიზის პარალიმპიადაზე 14 ქართველი პარასპორტსმენი იასპარეზებს. თბილისში პარალიმპიელთა ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონია გაიმართა.

პარასპორტსმენებს წარმატებები უსურვა პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მან, სიტყვით გამოსვლის დროს, ისაუბრა პარასპორტსმენების მიღწევებზე, გამოწვევებსა და დაგეგმილ თამაშებზე. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ოლიმპიელებისთვის მიცემული დაპირება პრემიებთან დაკავშირებით გავრცელდება პარალიმპიურ თამაშებზეც.

ოქროს მედალზე დაწესებულია მილიონიანი პრემია, ნახევარი მილიონი - ვერცხლის მედლის შემთხვევაში და 250 ათასი ბრინჯაოზე.

პარალიმპიელების გაცილების ცერემონიაზე იმყოფებოდნენ ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც - მათაც მიმართეს ქართველ სპორტსენებს, უსურვეს წარმატებები პარალიმპიადაზე, რომელიც პარიზში 28 აგვისტოს დაიწყება.

"გვაქვს ისტორიული შედეგი, პირველად სპორტის 6 სახეობაში მოვიპოვეთ ლიცენზიები და პარიზში 14 პარასპორტსმენით ვიასპარეზებთ. პარაოლიმპიური თამაშები არის საუკეთესო პლატფორმა ცვლილებებისთვის და მე მჯერა, ჩვენ ამ შანსს აუცილებლად გამოვიყენებთ.

თითოეული პარასპორტსმენი ამ გამარჯვებამდე მივიდა ძალიან რთული და დიდი კონკურენციის ფონზე. თქვენ ბევრმა შეძელით შეუძლებელი, დაწერეთ გამარჯვების შთამბეჭდავი ისტორიები და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს საქართველოს, სამშობლოს, კიდევ ერთხელ ასახელებთ.

ქვეყანაში პარაოლიმპიური მოძრაობა ვერ განვითარდება სახელმწიფოს ძლიერი და თანმიმდევრული მხარდაჭერის გარეშე. მოხარული ვარ, რომ სახელმწიფო, წლიდან წლამდე, სულ უფრო მეტად ზრუნავს პარასპორტსმენების განვითარებაზე, მათთვის ღირსეული სავარჯიშო პირობების შექმნაზე, მათი შრომის დაფასებასა და იმაზე, რომ უზრუნველყოს უახლესი დონის საერთაშორისო ტურნირებში მათი შეუფერხებელი და რეგულარული მონაწილეობა.

პარაოლიმპიური მოძრაობის მხარდაჭერა არის საუკეთესო ინვესტიცია ინკლუზიური საზოგადოების ასაშენებლად. ჩვენ მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში აგვიჟღერებია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და, დარწმუნებული ვარ, შემდეგი პარიზი იქნება,“ - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

პარასპორტსმენები, ოლიმპიადის დაწყებამდე, დადებით განწყობაზე საუბრობენ და გამარჯვების იმედი აქვთ.

"წინასწარ არ მინდა მოლოდინებზე საუბარი, მაგრამ შინაგანი განწყობა მაქვს ძალიან მშვიდი და ვიცი, რომ ეს სიმშვიდე დიდი წარმატების გარანტია. შესაბამისად, ჩემი თავისგან მაქსიმუმს მოვითხოვ და ალბათ, დავდებ კიდეც პარიზის 2024 ოლიმპიადაზე, ვეცდები,“ - აცხადებს პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი.

დღის ამბები