05 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
შსს-მ ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 2 პირი დააკავა -  "კურიერმა" ბრალდებულების ვინაობა გაარკვია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 2 პირი დააკავა. "კურიერმა" ბრალდებულების ვინაობა გაარკვია. უწყების მიერ ერთ-ერთი დაკავებული 25 წლის, წარსულში ნასამართლევი, გიორგი ინწკირველია, იგივე "ჯავაა". მეორე კი, ასევე წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 23 წლის ნოდარ ყუშიტაშვილია.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაზარალებულმა ერთ-ერთ ონლაინ კაზინოში დიდი რაოდენობით თანხა მოიგო. ინფორმაცია ბრალდებულებმა შეიტყვეს და მატერიალური სარგებლის მიღებისა და ე.წ. ქურდულ სამყაროში ძალაუფლების განმტკიცების მიზნით "ქურდული გარჩევა" მოაწყვეს, რომელსაც დაზარალებულის ნათესავიც ესწრებოდა. ასევე, გამოძიების ინფორმაციით, მეტსახელად "ჯავამ" საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდი ჩართო. გარჩევის შედეგად დაზარალებულს 5000 ლარის გადახდა მოსთხოვეს. მან მოთხოვნა შეასრულა.

25 წლის გიორგი ინწკირველისა და 23 წლის ნოდარ ყუშიტაშვილის საქმეზე სასამართლომ უკვე იმსჯელა. ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გიორგი ინწკირველის, იგივე ჯავას ადვოკატმა კურიერს უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.

დუმილის უფლებით სარგებლობს ნოდარ ყუშიტაშვილიც. პარალელურად, მისი უფლებადამცველი კანონით გათვალისწინებული ალტერნატიული გამოძიების ჩატარებას გეგმავს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
დღის ამბები