უჩერდება თუ არა ლუგარის ლაბორატორიას შეერთებული შტატების დაფინანსება - არსებული ინფორმაციით, ეს თანხა 95 მილიონი დოლარის დახმარების ნაწილია, რომელიც გასულ კვირას ამერიკამ საქართველოს მთავრობას შეუჩერა.
ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, დილიდან ოპოზიციურ სპექტრში კეთდება შეფასებები. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით, მათ ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა თუკი მოხდა დაფინანსების შეწყვეტა ლაბორატორიისთვის, მათთვის ეს მოულოდნელი არ იქნება, რადგან, მათი შეფასებით, ეს არის შედეგი იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც მიიღო სახელისუფლებო გუნდმა "გამჭვირვალობის კანონთან" დაკავშირებით. ოპოზიციის შეფასებით, ამ ყველაფერზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ მმართველ გუნდს ეკისრება.
"ლუგარის ლაბორატორია კი არ არის "გამჭვირვალობის კანონთან" შუაში ან რომელიმე სხვა სახელმწიფო ინსტიტუტი. ეს არის ხელისუფლების ქმედებები, ამიტომ ის, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ჩვენთან ურთიერთობის გადახედვის პროცესში არიან და დახმარებების გადახალისება ხდება, რომ სხვადასხვა არხები მოიძებნოს, რათა ადამიანებამდე ეს მივიდეს, ეს გადახედვის პროცესი არის სრულად ხელისუფლების პასუხისმგებლობა," - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას შეფასებით, გამჭვირვალობის კანონის მიღებამდე, როგორც საერთაშორისო პარტნიორები, ასევე, საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლებას აფრთხილებდნენ, რომ პროცესი ქვეყანას დემოკრატიის კუთხით დააზარალებდა.
"კანონი, რომელიც მათ მიიღეს და რომელსაც რუსული ჰქვია, რეალურად რუსულია აი ამიტომ. კანონის მიღებამდე ძალიან გასაგებად ყველა უხსნიდა [ხელისუფლებას], მათ შორის, ქართველი ხალხი, რომ ამ კანონით საქართველო შორდებოდა დემოკრატიას. ის ზიანი, რომელიც უკვე დადგა ქართველი ხალხისთვის, იქნება ეს შიდსის ელიმინაციის პროგრამა, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, მათ შორის, ექიმების გადამზადების პროგრამა, ამ კუთხით, უკვე დაზარალებული არის ხალხი," - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით კი, ლოგიკას მოკლებული და გაუგებარია, რა კავშირი აქვს ლაბორატორიის დაფინანსებას გამჭვირვალობის კანონთან. ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ უპასუხოდ არის დარჩენილი კითხვაც თუ რას უნდა მოხმარებოდა ეს 95 მილიონი.