ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, სამხრეთ ლიბანის ქალაქ დეირ ალ-ზაჰრანში მიტანილი საჰაერო დარტყმის შედეგად "ჰეზბოლას" მაღალი რანგის მეთაურია ლიკვიდირებული, - წერს მედია.
გარდაცვლილია ალი მუჰამედ ფახრ ალ-დინი, რომელიც ასევე ცნობილია "აბუ ჰასან ალაას" სახელით.
ისრაელის არმიის ცნობით, იგი "ჰეზბოლას" ბადრის რეგიონული დივიზიის მაღალჩინოსანი იყო და ისრაელის ჯარებზე თავდასხმებში მონაწილეობდა. მედიის ინფორმაციით, აღნიშნული საპასუხო იერიში მას შემდეგ განხორციელდა, რაც "ჰეზბოლას" დრონებით თავდასხმას სამი ისრაელელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.
მიუხედავად იმისა, რომ ლიბანური მედია ალი ტაჰერის მთის ტერიტორიაზე, ღამით განხორციელებულ ძლიერ აფეთქებებზე იტყობინება, IDF ამ დრომდე ღამის თავდასხმებზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.
ლიბანური მხარის მონაცემებით, შაბათს ისრაელის მიერ განხორციელებულ საჰაერო იერიშებს, ჯამში, 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეებიც.
მანამდე ისრაელის არმიამ დაადასტურა, რომ ქალაქ ანსარში მიტანილი დარტყმის შედეგად "ჰეზბოლას" ელიტური "რადვანის ძალების" ბატალიონის მეთაური, ალი სამირ ალ-ჰაჯ ჰასანიც მოკლეს.