რეალურად, საუბარია რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე, რომლის შინაარსი გახლავთ კვლევითი საქმიანობა, ტრენინგები და ა.შ. ეს არ გახლავთ არცერთი ისეთი პროგრამა, რომელზეც დამოკიდებულია ჯანდაცვის რომელიმე პროგრამის განხორციელება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას, რომელიც თითქოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიასაც შეეხო.
მისი თქმით, სახელმწიფო და ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რომ უახლოეს დღეებში მიმდინარე პროექტები გადაიხედოს.
"მინდა, ყველას მოვუწოდო, ახლა მაინც შეეცადონ და, მეტ-ნაკლებად, ნიველირება მოახდინონ იმ ადამიანებმა, რომლებიც საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის ცდილობენ იმ გარემოებების გამოყენებას, რომლებიც საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან გახლავთ დაკავშირებული.
ყველამ მინდა კარგად იცოდეს, რომ რეალურად, საუბარია რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე, რომლის შინაარსი გახლავთ კვლევითი საქმიანობა, ტრენინგები და ა.შ. ეს არ გახლავთ არცერთი ისეთი პროგრამა, რომელზეც დამოკიდებულია ჯანდაცვის რომელიმე პროგრამის განხორციელება და შესაბამისად, სისტემისთვის ამ თვალსაზრისით გახლავთ მნიშვნელოვანი. ამის მიუხედავად, სახელმწიფო და ჩვენი სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რომ უახლოეს დღეებში გადაიხედოს მიმდინარე პროექტები. შესაბამისად, შეფასდეს მიმდინარეობა და ამის მიხედვით ყველა ის პროგრამა და პროექტი, რომელიც მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს ჩვეულად და მას რაიმე შეფერხება არ ჰქონდეს. ამავდროულად, მინდა ვთქვა, რომ მართლა ძალიან ვწუხვარ, რომ ორივე ქვეყნისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით იქნა მიღებული მსგავსი გადაწყვეტილება", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.