22 ნოემბერი 2024,   10:00
ვრცლად
კურსკის ფრონტი - უკრაინამ რუსეთის საზღვარი გადაკვეთა - დრონები, ტანკები, მძიმე ტექნიკა, არტილერია და ასობით ჯარისკაცი - ფართომასშტაბიანი შეჭრა რუსეთის ტერიტორიაზე და სასტიკი ბრძოლები რუსულ დასახლებებში

ომმა რუსეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლა - კურსკის ოლქში შეტაკებები, უკვე 24 საათზე მეტია, არ წყდება. თავდაცვის უწყება საკუთარ ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებს მას შემდეგ გამოეხმაურა, რას კურსკის ოლქიდან გავრცელებული ვიდეოები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

ცნობები იმის შესახებ, რომ რეგიონში სამხედრო მოქმედებები დაიწყო, 6 აგვისტოს ღამით გავრცელდა. შეტევის ეპიცენტრი ქალაქი სუდჟა გახდა, რომელიც რუსეთის კურსკის ოლქში, უკრაინის სუმის ოლქის საზღვრიდან 10 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

კურსკის ოლქიდან ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ გადაღებულ ვიდეო ვრცელდება, სადაც სამხედრო თვითმფრინავები ჩანს, ისმის აფეთქებების ხმა, გზის სავალ ნაწილზე კი სატვირთო ავტომობილი იწვის.

ვიდეომასალაზე უკრაინული საბრძოლო დრონი რუსულ ვერტმფრენს ანადგურებს. მედიის ცნობით, "მი 28"კურსკის ოლქში ჩამოვარდა. ვიდეო როგორც უკრაინულ, ასევე რუსულ მედიაარხებზე გავრცელდა. თუ მისი ავთენტურობა დადასტურდა, ეს ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც, მართვადი დრონის საშუალებით, ვერტმფრენის ჩამოგდება გახდა შესაძლებელი.

რუსეთის თავდაცვის უწყებამ, მოვლენებთან დაკავშირებით, ურთიერთგამომრიცხავი განცხადება გააკეთა. სამინისტროს საიტზე პირველად გამოქვეყნებულ ცნობაში წერია, რომ უკრაინელ დივერსანტებს ქვეყნის შიგნით შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს. სასაზღვრო სამსახური და ჯარი, მთელი ღამის განმავლობაში, კურსკის ოლქში უკრაინის თავდაცვის ძალების საჯარისო ნაწილებს ანადგურებდა. საბოლოო ვერსიით კი, ქვეყნის შიგნით შეტაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს. მედიაში ვრცელდება შეტაკებების ამსახველი ვიდეომასალაც.

რუსეთის თავდაცვის უწყების მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, ნაჩვენებია, რომ უკრაინულ ტექნიკას რუსული არტილერია და ავიაცია ანადგურებს. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტი შესაბამის უწყებებთან შეხვედრას მართავს.

რეგიონში რთულ ვითარებას მხარის გუბერნატორის მიერ დღეს გამოცხადებული სარაკეტო დარტყმის საშიშროება და ყველა ღონისძიების გაუქმებაც ადასტურებს - სმირნოვი რეგიონიდან მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ საუბრობს.

უკრაინა მიმდინარე მოვლენებზე კომენტარს არ აკეთებს. ამ დრომდე, არ დასტურდება ინფორმაცია, რომ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსეთის მოქალაქეებით დაკომპლექტებული "რუსული ლეგიონია" შესული.

 

დღის ამბები