05 ოქტომბერი 2024,   11:26
ვრცლად
ღაზის სექტორი ცეცხლის შეწყვეტის მოლოდინში - ჩაერთვება თუ არა კაიროში დაგეგმილი მოლაპარაკების პროცესში "ჰამასი", ჯერ უცნობია

ღაზის სექტორი ცეცხლის შეწყვეტის მოლოდინში - ჩაერთვება თუ არა კაიროში დაგეგმილ მოლაპარაკების პროცესში ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასი", ჯერ უცნობია, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საიმედო პროგნოზით გამოდის. ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ სასურველი შედეგის მიღწევამდე დრო ცოტა დარჩა. რეგიონში კი ვითარება ჯერ ისევ დაძაბულია. არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილების შემდეგ, ევროკავშირი ისრაელის მთავრობის ზოგიერთი წევრის მიმართ სანქციებსაც არ გამორიცხავს.

ირანისა და “ჰამასის” სარაკეტო დანაყოფებში მზადყოფნის დონე შემცირებულია, რაც, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე წამოწყებულ მოლაპარაკებებს შანსს აძლევენ. დოჰას შემდეგ, საუბრები, მომდევნო კვირის განმავლობაში, ქაიროში უნდა გაგრძელდეს. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა და პარტნიორები მათ კონსტრუქციულად აფასებენ, თავად ისრაელსა და "ჰამასში" აღნიშნავენ, რომ ჯერ არაფერი შეთანხმებულა. დავა ფილადელფიისა და ნეტზარიმის დერეფნების კონტროლზე მიდის. ამასთან, "ჰამასის" წარმომადგენლები შტატებს ცრუდ, პოზიტიური ატმოსფეროს შექმნაში ადანაშაულებენ, რათა ისრაელს დრო მოაგებინონ.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ახლო აღმოსავლეთს დღეს ენტონი ბლინკენი ეწვევა. ამერიკის პირველი დიპლომატის ვიზიტი მოლაპარაკებას კიდევ უფრო მეტ სერიოზულობას სძენს. დოჰას, კაიროსა და ვაშინგტონის შუამავლობით შემდგარ შეხვედრაზე, რომელსაც ისრაელი ფიზიკურად, "ჰამასი" კი დისტანციურად ესწრებოდა - ითქვა, რომ უკვე არსებობს შემხვედრი შეთანხმება და პროგრესიც ხელშესახებია.

მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებენ - ეს, პირველ რიგში, ირანს ეხება, რომელმაც თეირანში ისმაილ ჰანიეს მკვლელობაზე შურისძიება დააანონსა. ეხება ისრაელსაც, რომელის დარტყმებსაც დღეს ღაზაში 10, ლიბანში, "ჰესბოლას" პოზიციებზე კი 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამხრეთ და ცენტრალურ ღაზაში დღესაც ევაკუაცია იყო.

რთული მდგომარეობაა დასავლეთ სანაპიროზეც - გავრცელებული ცნობებით, გუშინ, 100 ისრაელელი ახალმოსახლე პალესტინელების საცხოვრებლებს დაესხა თავს, მოკლულია 1 პირი. ამას უმკაცრესი შეფასება მისცა გაერო-მ, რომელმაც თქვა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. ფაქტი შეაფასეს რეგიონში მყოფმა ფრანგმა და ბრიტანელმა დიპლომატებმა. ისრაელი ამბობს, რომ საქმეს იძიებს.

1200 მოკლული და 250 გატაცებული - ისრაელელის შემდეგ, ქვეყანამ “ჰამასის” სრული განადგურება გადაწყვიტა და ღაზაში შევიდა. შედეგად, 17 000 ტერორისტი გაანადგურა და "ჰამასის" არაერთ სამალავს მიაგნო. თუმცა, ჯერ ვერ მიაგნო დარჩენილ 115 ტყვეს, რომლის გათავისუფლებაც ებრაელი ხალხის მთავარი მოთხოვნაა. ომი გრძელდება და მას ღაზაში 40 000-ზე მეტი მშვიდობიანი მსხვერპლი ჰყავს. ყველა უბედურებასთან ერთად, ანკლავში დღეს პოლიომიელიტის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციური დაავადება ყველაზე საშიში 5 წლამდე პატარებისთვისაა.

ახლო აღმოსავლეთში ვითარება გასულ თვეს დაიძაბა, რა დროსაც ისრაელმა "ჰამასისა" და " ჰესბოლას" ლიდერები მოკლა. მას შემდეგ ირანმა შურისძიება დააანონსა, რომელიც, მოლაპარაკებების გამო, გადადო და შესაძლოა არც განახორციელოს, თუ ცეცხლი ღაზაში მართლაც შეწყდა. კონფლიქტს საუკუნოვანი სათავე აქვს, თუმცა ბოლოს იგი გასული წლის 7 ოქტომბერს განახლდა, როდესაც ისრაელის საზღვარი "ჰამასის" მებრძოლებმა ღაზიდან გადმოკვეთეს და ქიბუცებში 1200 ადამიანი სასტიკად მოკლეს, მათ შორის - მცირეწლოვანი ბავშვები. ისრაელელი ტყვეების ნაწილი კვლავ მათ მიწისქვეშა ლაბირინთებშია დამწყვდეული.

დღის ამბები