12 სექტემბერი 2024,   22:20
ვრცლად
უკრაინელებმა კურსკში, ბრიანსკში და ბელგოროდში ათობით სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი ააფეთქეს - რუსეთის ძალების ოპერაციას კი იქ კადიროვის სპეცრაზმის მეთაური ხელმძღვანელობს

კურსკი უკრაინული არმიის მასშტაბური შეტევისთვის ემზადება. ქალაქის ქუჩებში ადგილობრივებმა ბეტონის დამცავების დამონტაჟება დაიწყეს, ქალაქის ირგვლივ კი ახალწვეულებს სანგრებს ათხრევინებენ. თუმცა თავდაცვითი ნაგებობები პუტინის ჯარისკაცებს ვერც კურსკის და ვერც სხვა ოლქებში ვერ იცავს, უკრაინული დრონები ერთმანეთის მიყოლებით ფეთქდება რუსულ სამხედრო აეროდრომებსა და ნავთობის საცავებზე.

საჰაერო განგაშია გამოცხადებული ქალაქ ვოლგოგრადშიც, სადაც ხელისუფლებამ სამოქალაქო აეროპორტის მუშაობა გააჩერა. რუსული არმიის უკანდახევის ფონზე, პუტინი დახმარებას თავის მარიონეტ კადიროვს სთხოვს, თუმცა რუსეთში მისი იმედიც არ აქვთ. მიზეზი ისევ კურსკია, სწორედ ჩეჩნეთის ლიდერის ტიკ-ტოკერ სპეცრაზმს ევალებოდა საზღვრის დაცვა, თუმცა უკრაინელების შეტევისთანავე ახმატის ჯარისკაცებმა პოზიციები მიატოვეს და გაიქცნენ.

რუსეთის სამ რეგიონში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. კურსკში, ბრიანსკში და ბელგოროდში უკრაინელებმა ათობით სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი ააფეთქეს. უკრაინის არმიას რუსეთის საჯარისო ნაწილებიდან ტყვედ ასობით სამხედრო ჩაბარდა.
კრემლის წინააღმდეგობა ამ დრომდე უშედეგოა. ყოველდღიურად იზრდება დასახლებების რიცხვი, რომლებსაც უკრაინა აკონტროლებს. კურსკის რეგიონიდან მოსახლეობის სავალდებულო წესით ევაკუაცია მიმდინარეობს.

რუსეთის ხელისუფლება აცნობიერებს, რომ კურსკის რეგიონში პოზიციებს უკრაინა ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეინარჩუნებს. გაცემულია შესაბამისი განკარგულებებიც - სკოლის მოსწავლეები სწავლას დისტანციურად გააგრძელებენ, დევნილებს კი კონფლიქტის ზონაში რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქში გადასახლებას სთავაზობენ.

ახლა რეგიონში რუსეთის ძალების ოპერაციას კადიროვის სპეცრაზმის მეთაური ხელმძღვანელობს. აფტი ალაუდინოვი ამბობს, რომ მის სამხედროებს უკრაინელებთან დაპირისპირება იმ მიზეზით არ ჰქონიათ, რომ საჯარისო ნაწილები ერთმანეთისგან შორ დისტანციებზე იყვნენ განლაგებულები.

ქალაქ კურსკის შესანარჩუნებლად წვევამდელები სანგრებს თხრიან. მოსახლეობის ევაკუაციასთან ერთად ქალაქში თავშესაფრების მოწყობა მიმდინარებს.

რუსეთში სამხედრო მოსამსახურეების დეფიციტია. ჯარში წვევამდელი ასაკის ახალგაზრდებს და პატიმრებს ძალდატანებით აგზავნიან. ჩეჩნეთში ჩასული ოკუპანტი სახელმწიფოს ლიდერი მოხალისეების დაჯგუფებას შეხვდა.

პუტინის მდგომარეობაზე და უკრაინის წინსვლის საჭიროებებზე პოზიცია ევროკავშირის პირველმა დიპლომატმა გამოთქვა. ჟოზეფ ბორელი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს მომავალ კვირაში ბრიუსელში ელოდება.

ცნობილია, რომ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინელ სამხედროებს რამდენიმე მიზანი აქვთ. ბუფერული ზონის შექმნა, ოკუპანტი სამხედროების ტყვედ უკრაინაში წაყვანა, ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადატანა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში უპირატესობის მოპოვება.

დღის ამბები