13 სექტემბერი 2024,   13:43
ვრცლად
"ტბათანობა 2024" - ტრადიციად ქცეული ფესტივალი ზღვის დონიდან 2 000 მეტრზე

გარმონი თუში ქალების ინსტრუმენტია, აქეთ სოფელს ვერ ნახავ, სადაც ამ ინსტრუმენტის ჟღერადობაზე ადგილობრივი ქალები თუშურ სიმღერებს არ მღეროდნენ. ანსამბლს "წოვათა" ჰქვია და ისინი სპეციალურად ამოვიდნენ იმ ადგილას, სადაც წოვა თუშების ნასოფლარია. ნახევარი საუკუნის წინ დასახლებულ სოფელს ტბათანას, დღეს, მუდმივი მკვიდრი არ ჰყავს, თუმცა აქაურობას სიცოცხლე ყოველწლიური ფესტივალით უბრუნდება.

ნობათის გაცვლის ადგილს ბარგობის ტერიტორიას ეძახიან, მწყემსები ცვლიდნენ, როგორც სურსათ-სანოვაგეს, ისე სიტყვას ერთმანეთში, ამიტომ ტბათანა ურთიერთობის ადგილიც იყო. ფესტივალზე შეკრებილი სტუმრები მიმდებარე სოფლებიდან არიან და მათი მთავარი სურვილია, რომ სოფელს ისევ დაუბრუნდეს ძველი ცხოვრება, რასაც სიმბოლურად, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, ალპურ ზონაში დღეს ტრადიციების გახსენებით, ფოლკლორით, კულინარიითა და ნაწარმის გამომზეურებით ცდილობენ.

ბოლო წლებში, ტბათანაში რამდენიმე სახლის მშენებლობა დაიწყეს, მუშაობა მიმდინარეობს ასევე ხეობისთვის დაცული ტერიტორიების ლანდშაფტის სტატუსს მიღებასთან დაკავშირებით, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, მზადდება ეკოსოფლის განაშენიანების გეგმაც, სადაც გათვალისწინებული იქნება პირვანდელი იერსახის აღდგენა და ავთენტიკურობის დაცვა.

ადგილობრივი თემის წარმომადგენლები, დღეს ტბათანაში სტუმრად ამოსულები, ნასახლარ სოფელს ტოვებენ იმედით, რომ ძალიან მალე, მათი ძველი სამკვიდრო ოთხივე სეზონზე, ანუ წლის ნებისმიერ დროს სიცოცხლის ხმებს დაიბრუნებს.

დღის ამბები