05 ოქტომბერი 2024,   13:19
ვრცლად
პედოფილიის საქმე - შიშველი არასრულწლოვნების ფოტოებს 32 წლის კაცი მობილურში ინახავდა - პედოფილიაში მხილებულმა მასალა შანტაჟით და მუქარით მოიპოვა

შიშველი არასრულწლოვნების ფოტოებს 32 წლის მამაცი მობილურ ტელეფონში ინახავდა. პედოფილიაში მხილებულმა მასალა მოზარდების შანტაჟით და მუქარით მოიპოვა. აიძულებდა, რომ მისთვის, სოციალური ქსელით, სექსუალური ხასიათის ფოტოები და ვიდეოები გადაეგზავნათ. მძიმე დანაშაულის ამსახველი მასალა, რომელიც ასობით ფაილს შეადგენს, უკვე ამოღებულია. სავარაუდო დამნაშავეც დაკავებულია.

მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მსხვერპლთა ასაკი 10-დან 18 წლამდეა. მძიმე დანაშაულში ბრალდებულის ვინაობაც ცნობილია, თუმცა, იმის გამო, რომ სისხლის სამართლის საქმე, არასრულწლოვნებს ეხებათ, "კურიერი" ამ დეტალს არ ასაჯაროებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა სოციალური ქსელების ყალბი ანგარიშები შექმნა და არასრულწლოვან გოგოებს როგორც 15 წლის ბიჭი, ისე გაეცნო. უგზავნიდა ფოტოებსაც და ცდილობდა მათთან ნდომაში შესვლას, მოგვიანებით კი ბავშვებს ინტიმური შინაარსის მასალის გადაღებას აიძულებდა. წინააღმდეგობის შემთხვევაში, სხვადასხვა მეთოდით აშანტაჟებდა. მათ შორის - სიცოცხლის მოსპობითაც.

გამოძიების ინფორმაციით, 32 წლის კაცი პედოფილიის 8 ფაქტზეა მხილებული. ერთ-ერთი ასეთი 15 წლის გოგოს საქმეა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა არასრულწლოვანს, რომელიც მისი ნათესავი იყო, ინსტაგრამით, როგორც თანატოლი, ისე გაეცნო. მოგვიანებით, მოსთხოვა, რომ მისი 13 წლის დისთვის ინტიმური შინაარსის ფოტოები გადაეღო. შეშინებულმა მოზარდმა, დის ნაცვლად, საკუთარი ფოტოები გადაუგზავნა და, თავიდან მოშორების მიზნით, მოძალადე დაბლოკა. 15 წლის გოგოზე განაწყენებულმა კაცმა შურისძიება გადაწყვიტა და მსხვერპლს ინტიმური შინაარსის ფოტოები გაუვრცელა.

მძიმე დანაშაულის შესახებ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ინფორმაცია, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მსხვერპლისგან მიიღო.

ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედების, სექსუალური ძალადობისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე დაკავებულს ბრალი უკვე წარედგინა. 32 წლის სავარაუდო პედოფილი ახლა წინასწარ პატიმრობაშია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 9-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ბრალდებულის პოზიციის გასაგებად, "კურიერი" მის ადვოკატს დაუკავშირდა, თუმცა ინტერესების დამცველმა კომენტარის გაკეთებისგან, ამ ეტაპზე, თავი შეიკავა.

32 წლის კაცი სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში, საკუთარ სახლში დააკავეს. სავარაუდო მოძალადემ სამართალდამცველებისთვის ხელის შეშლა სცადა და დააზიანა მობილური - ის ტელეფონი, რომელშიც შანტაჟით მოპოვებულ, არასრულწლოვნების ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას ინახავდა. "კურიერი" მის საცხოვრებელ მისამართზე იმყოფებოდა, თუმცა სახლი ახლა დაკეტილია. დაკავების ოპერაციის დეტალები მეზობლებმა გაიხსენეს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ინტიმური ხასიათის ფოტო და ვიდეო მასალა კანონით დადგენილი წესით განადგურდება. მძიმე დანაშაულის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები კვლავ გრძელდება. არ არის გამორიცხული, მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდოს.

დღის ამბები