13 ოქტომბერი 2024,   01:23
ვრცლად
4:1 ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების სასარგებლოდ და ჩეხეთის მარცხი - საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი და B-ლიგის დებიუტი

აღნიშვნა ისეთივე იყო, როგორც ევროპის ჩემპიონატზე გამართული მატჩების შემდეგ - ნაცნობი იყო მეტოქეც - ჩეხეთის ეროვნული გუნდი, რომელთანაც საქართველოს ნაკრებს "ევრო 2024-ის" ჯგუფურ ეტაპზე რთული შეხვედრა ჰქონდა. ამის გათვალისწინებით, ქართველ ქომაგებში კვლავ დაძაბული მატჩის მოლოდინი იყო - მოგება ყველას უნდოდა, თუმცა ასეთი შედეგის პროგნოზირება ყველასთვის წარმოუდგენელი იყო.

გულშემატკივარს არაერთი ფავორიტი ჰყავს და თითოეულმა მათგანმა ჩეხეთთან მატჩში დასამახსოვრებელი მომენტები მრავლად შექმნა. იყო 4 გოლი და ოთხივე - გუნდის ლიდერებისგან. პირველი ტაიმი, რომელიც, საწყის წუთებზე, ჩეხების შეტევებით მიმდინარეობდა, გუნდმა ხვიჩა კვარაცხელიას გოლით მოიგო. მან პენალტი თავად მოიპოვა, შემდეგ, ეფექტური დარტყმით, მეკარეს მოგერიების შანსი არ დაუტოვა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა.

მეორე ტაიმის დასაწყისში იყო ლოგიკური მოლოდინი, რომ ჩეხები უფრო მეტად შეუტევდნენ და, მინიმუმ, ანგარიშის გათანაბრებას შეეცდებოდნენ, თუმცა სრულიად საპირისპირო მოხდა, რამაც, ტრიბუნებზე თუ ეკრანებთან, ბევრი გულშემატკივარ გააოცა. საქართველოს ნაკრებმა თანდათან მოიპოვა ინიციატივა და სრულ დომინაციამდე მივიდა. ამ მხრივ, გარდამტეხი სწრაფი კონტრშეტევა და ჩაკვეტაძის რეიდი იყო, რომელსაც წერტილი თავადვე დაუსვა.

ორბურთიანი უპირატესობის შემდეგ, ჩეხეთის ნაკრების დემორალიზება იმ ფეხბურთელმა განაგრძო, რომელიც სიტყვა "ბომბარდირის" ხსენებაზე ქართველ ქომაგს პირველ რიგში ახსენდება. გიორგი მიქაუტაძემ თავისი გოლი "ერთა ლიგის" პირველ მატჩშიც გაიტანა და გაამართლა სტატუსი, რომელიც "ევრო 2024-ზე" მიიღო. ჩემპიონატის თანაბომბარდირის ჯილდო მიქაუტაძეს სწორედ გუშინდელი მატჩის დაწყებამდე გადაეცა.

საქართველოს ნაკრების ბოლო სიტყვა გიორგი ქოჩორაშვილმა თქვა - მისი გოლიც ეფექტური გამოვიდა და მატჩის ერთ-ერთ ჰაილაითად იქცა. ცალკე აღსანიშნია ჩაკვეტაძის პასი, რომელიც ქოჩორაშვილმა გოლად აქცია.

4-0 - ანგარიში უკვე გამანადგურებელი იყო. ამ ფონზე, ვილი სანიოლმა მოედნიდან გუნდის რამდენიმე ლიდერი, მათ შორის, კიტეიშვილი გაიყვანა. ერთ-ერთი შეტევის დროს, ჩეხებმა ანგარიშის ერთით შემცირება მოახერხეს. პირველი დარტყმა გიორგი მამარდაშვილმა მოიგერია, თუმცა განმეორებით დარტყმას ვეღარ შეწვდა - 4-1 - ეს იყო მაქსიმუმი, რომელიც ჩეხეთის ეროვნულმა გუნდმა თბილისიდან წაიღო. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს - მათ მაღალი კლასის მეტოქესთან ბოლო დროის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარეს. შეხვედრის შემდეგ, კმაყოფილებას არ მალავდნენ არც ფეხბურთელები და არც - მწვრთნელი.

"ერთა ლიგის" გათამაშება გრძელდება. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა აჩვენა, რომ მაღალი მიზნების მიღწევის ამბიცია გააჩნია და ეს ამბიცია საფუძვლიანია. მსოფლიო ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე, მომდევნო ბარიერი ალბანეთის ნაკრებია, რომელმაც გუშინ, თავის მხრივ, უკრაინა ანგარიშით 2-1 დაამარცხა. მატჩი 2 დღეში - 10 სექტემბერს, ალბანეთში, ტირანაში გაიმართება.

დღის ამბები