14 ოქტომბერი 2024,   03:57
ვრცლად
ქართველი ქალი სტამბოლში ცემით მოკლეს - რას ჰყვება სასტუმროს ადმინისტრატორი, ვინც მკვლელს გაქცევის საშუალება არ მისცა

სასტიკი მკვლელობა სტამბოლში - საქართველოს მოქალაქე სასტუმროს ნომერში უმძიმესი დაზიანებებით იპოვეს. მკვლელი შემთხვევის ადგილიდან გაქცევას ცდილობდა, თუმცა სასტუმროს ადმინისტრაციის თანამშრომელმა მისი დაკავება მოახერხა, რის შემდეგაც დამნაშავე პოლიციას გადასცეს.

მიმალვის ამსახველი კადრები იქვე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირეს. ახლა ეს ჩანაწერები თურქი მამაკაცის წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულებაა. სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში კარგად ჩანს, თუ როგორ ცდილობს ახალგაზრდა მამაკაცი დანაშაულის ადგილიდან გაქცევას. თურქული მედიის ინფორმაციით, მამაკაცმა 46 წლის ქალი, სასტუმროს ნომერში ბლაგვი საგნით სასტიკად სცემა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე სასტუმროს ადმინისტრატორმა ნახა.

"ქალი მთლიანად სისხლში იწვა და თითქმის აღარ სუნთქავდა," - სასტუმროს თანამშრომელი, ჰაკან კარაჩამი ჰყვება, თუ რა მდგომარეობაში იპოვა ქართველი ქალი სასტუმროს ნომერში. მოწმე ამბობს, რომ ოთახიდან ჩხუბის ხმა შემოესმა, რის გამოც ვითარების გადამოწმება ადგილზე სცადა. მოძალადე თურქეთის მოქალაქეა.

"როდესაც ჩხუბის ხმა შემომესმა, სიტუაციის გარკვევა ვცადე, ოთახთან მივედი და ასეთი სურათი დამხვდა. კაცი გარბოდა, მე გავეკიდე, მალევე დავეწიე და დავაკავე, თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს და მერე ქალი საავადმყოფოში წაიყვანეს," - ჰყვება მოწმე.

მაია ალფაიძე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახლომდებარე კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ექსპერტიზის დასრულების შემდეგ მოკლულის ცხედარს სავარაუდოდ საქართველოში გადმოასვენებენ.

"კურიერი" დღეს მოკლულის ოჯახის წევრებს ესაუბრა, თუმცა ქალის ახლობლებს არ აქვთ ინფორმაცია, რა გახდა დანაშაულის მოტივი.
ჰყვებიან, რომ 46 წლის ქალი საზღვარგარეთ სამუშაოდ დიდი ხნის წინ წავიდა. სავარაუდოდ, ის თურქეთის მოქალაქესთან არაოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა.

მკვლელობაში ბრალდებული, სტამბოლის იზოლატორშია გადაყვანილი. პოლიციამ სასტუმროს ნომრიდან მტკიცებულებები ამოიღო, მათ შორის, დამნაშავის პირადი ნივთები და ბლაგვი საგანი, სადაც მკვლელმა ანაბეჭდები დატოვა.

დღის ამბები