21 დეკემბერი 2024,   21:25
ვრცლად
"ქართული ოცნების" დემარში მიხაილ როთს - მმართველი გუნდი გერმანელი დეპუტატისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხაილ როთს მმართველი გუნდი წინა ვიზიტის დროს გაკეთებული განცხადებების გამო არ შეხვდა. "ქართული ოცნება" როთისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის ქართველი კოლეგა, ნიკოლოზ სამხარაძე ანტისახელისუფლებო აქციაში მის მონაწილეობასაც იხსენებს და მიიჩნევს, რომ როთის ქმედებები ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა - ოპოზიციის სასარგებლოდ.

"მან შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს, ეკლესიას და ხელისუფლებას. სანამ ის ბოდიშს არ მოიხდის ამ განცხადებების გამო, არ შევხვდებით. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ შემდეგ წავიდა ოპოზიციურ მიტინგზე და მხარი დაუჭირა ოპოზიციის მისწრაფებებს, რაც პირდაპირ არის შიდა საქმეებში ჩარევა... მაინტერესებს, ოპონენტები რომ დაუსხდებიან, აპირებენ თუ არა სთხოვონ ბოდიში მოიხადოს იმ განცხადებებისთვის რაც მან გააკეთა," - აცხადებს სამხარაძე.

ოპოზიციამ არა, თუმცა ეს შეკითხვა მიხაილ როთს ჟურნალისტებმა, საქართველოში ჩამოსვლისთანავე დაუსვეს. გერმანელმა პოლიტიკოსმა კითხვები უპასუხოდ დატოვა.

მიხაილ როთს პირველი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ჰქონდა. მესამე სექტორის წარმომადგენლებმა გერმანიის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს ინფორმაცია მიაწოდეს წინასაარჩევნო გარემოს შესახებ. შეხვედრას "გამჭვირვალობის კანონის" კრიტიკის გარეშე არ ჩაუვლია, რაზეც სოციალურ ქსელში განცხადება თავად მიხაილ როთმაც გამოაქვეყნა.

დღის მეორე ნახევარში, გერმანელ სტუმარს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ესტუმრნენ. ხელისუფლების ოპონენტებმა შეხვედრიდან კონკრეტული გზავნილი გამოიტანეს - ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.

სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია, რომ მიხაილ როთი საქართველოში, წინასაარჩევნოდ, ოპოზიციის მხარდასაჭერად ჩამოვიდა ისევე, როგორც - "გამჭვირვალობის კანონის" საპროტესტო აქციების დროს. მმართველი პარტია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მოუწოდებს, სათანადოდ ასახოს უცხოური ჩარევა ქართულ არჩევნებში.

ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ, მიხაილ როთმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის საქართველოში არა ოპოზიციის, არამედ ევროპული ღირებულებებისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად ჩამოვიდა. ბუნდესტაგის მაღალი რანგის დეპუტატი თბილისს, სავარაუდოდ, ხვალ დატოვებს და უკვე ერევანში გაემგზავრება.

დღის ამბები