19 სექტემბერი 2024,   22:42
ვრცლად
ყაზბეგის, ფშავ-ხევსურეთისა და თუშეთის ერთი საფეხმავლო ბილიკით დასაკავშირებლად, ინფრასტრუქტურა ეწყობა - მონტაჟდება სამთო ქოხებიც

სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებისათვის, სამი დაცული ტერიტორიის - ყაზბეგის, ფშავ-ხევსურეთის და თუშეთის ერთმანეთთან ერთი საფეხმავლო ბილიკით დასაკავშირებლად, მოლაშქრეთა ბილიკებისა და სამთო ქოხების განვითარების პროექტი დასკვნით ფაზაშია.

პროექტს რეგიონული განვითარებისა დაინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

სამ დაცულ ტერიტორიას ერთმანეთთან 205 კმ-ის სიგძის საფეხმავლო ბილიკი აკავშირებს, საიდანაც 130 კმ-მდე სრულიად ახალი ბილიკი გაიჭრა. დასრულების ეტაპზეა 205 კმ-იან ბილიკზე საინფორმაციო დაფების, საორიენტაციო მანიშნებლების და მცირე ტურისტული საფეხმავლო ხიდების მოწყობის სამუშაოებიც.

პროექტის ფარგლებში, ჯუთა-როშკა-არხოტი-შატილი-თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე მოლაშქრეთა თავშესაფრისთვის, მონტაჟდება სხვადასხვა კატეგორიის 7 სამთო ქოხი. უკვე დასრულებულია 5 ქოხის მშენებლობა - აბუდელაურში, არხოტში, დათვიჯვარში, ზედა ტანიესა და ქვედა ტანიეში. მიმდინარეობს ხიდოტანის და ქვახიდის ქოხებისთვის საძირკვლის მოწყობის სამუშაოები.

სხვადასხვა ზომის სამთო ქოხებში გათვალისწინებულია რამდენიმე საძინებელი ოთახი, საპირფარეშოები, საშხაპეები, დამხმარე და ნარჩენების ოთახები, სამზარეულო/კაფე და ვერანდა. ქოხები უზრუნვეყოფილი იქნება ელექტორენერგიითა და წყლით, რისთვისაც მიმდინარეობს განახლებადი ენერგიის მზის პანელებისა და წყლის რეზერვუარების (სეპტიკების) სამონტაჟო სამუშაოები.

სამთო ქოხების აუცილებელი ინვენტარით აღჭურვასა და ქოხებით სარგებლობის რეგულაციას უზრუნვეყოფს დაცული ტერიტორიების სააგენტო.

"დაცულ ტერიტორიებზე სხვადასხვა სირთულის საფეხმავლო ბილიკები და კომფორტული თავშესაფრები დააინტერესებს როგორც პრფესიონალ, ისე დამწყებ მოლაშქრეებს.

სათავგადასავლო ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეიწყობს რეგიონში ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობის და ქვეყნის ცნობადობის ზრდას", - აცხადებენ სააგენტოში. 

პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი სესხის ფარგლებში და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსეით ხორციელდება და მისი ღირებულება 27.1 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოები 2024 წლის ოქტომბერში დასრულდება.

დღის ამბები