20 სექტემბერი 2024,   00:53
ვრცლად
რომ იცოდეთ, როგორ ვგულშემატკივრობდით გახარიასა და ხაზარაძის პარტიების პოლიტიკურ ქორწინებას - "მაჭანკლებმა" კარგად იმუშავეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ვიღაცებმა სიაში ადგილები არ დათმეს - ჰერმან საბო

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" წევრი ჰერმან საბო, "დღის კურიერში", გახარია-ხაზარაძის ვერშემდგარი შეთანხმების სავარაუდო მიზეზებზე საუბრობს.

საბო აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, ორი პოლიტიკური გაერთიანების ხელმძღვანელები პარტიულ სიებზე ვერ შეთანხმდნენ.

"რომ იცოდეთ, როგორ ვგულშემატკივრობდით ამ შეთანხმებას - ამ პოლიტიკურ ქორწინებას, ჯერ კიდევ როდიდან!.. დიდი ხანია, ჩვენ ამას ვამბობდით, რომ პარტიები, რომლებიც დიდად ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან - სჯობს, ერთად იყვნენ, მაგრამ არ გამოვიდა ასე.

[ჩვენი ინტერესი იყო] პირდაპირ ელექტორალური, ამ გაერთიანებას ეყოლებოდა ორივე მხრიდან ადამიანები, რომლებსაც არ მოეწონებოდათ ეს გაერთიანება და მათთვის შეიძლება "გირჩი" გამხდარიყო საინტერესო ელექტორალურად. ამისთვის ვგულშემატკივრობდით, სხვა არანაირი პრაგმატული მიზეზები არ გვქონდა.

რასაც ვუყურეთ, "მაჭანკლებმა" კარგად იმუშავეს. მერამდენე დღეა, მთავარ ნიუსად ეს ამბავია, და აბა, რას იზამენ. როგორც ჩანს, შიდა სიტუაცია ვერ დალაგდა რაღაცნაირად.

გახარია ამბობს, ყველაფერი დავთმეო და თქვენც ახსენეთ, სავარაუდოდ, აქ საუბარი იქნებოდა ნომერზე. ვარაუდს ვამბობ იმიტომ, რომ 9 ნომერში ძალიან ბევრი ფულია ჩასხმული, ხაზარაძეს რაც არ უჭირს - ფულია და აპიარებენ ამ 9 ნომერს. გახარია რომ 25 ნომერია, ეს დიდად არც არავინ არ იცის. ალბათ, ნომრისა და სახელის დათმობაზე იყო საუბარი, მაგრამ, როგორც ჩანს, "ლელო" თავისივე დაგებულ მახეში ჩავარდა. ვგულისხმობ იმას, რომ "ლელომ" აქამდე, ვინც კი მოძრაობდა ოდნავ, ყველას რაღაცა შესთავაზა და ვიღაცები შეიერთა. შესაბამისად, "ლელოს" აქვს დიდი კოჰორტა ადამიანების, რომლებიც სიაშია მოსახვედრი, რაღაცნაირად დასაკმაყოფილებელია ეს ხალხი და მაგდენი რეიტინგიც არა აქვს "ლელოს", რომ ყველა ეს ადამიანი მოახვედროს და ახლა უცებ გამოჩნდა გახარია თავისი ხალხით, სავარაუდოდ, მეხუთედს არ დასჯერდებოდა გახარია, მგონია, რომ მეტზე იყო საუბარი. ალბათ, სიაზე ვერ შეთანხმებოდნენ "ლელოს" შიგნით, რადგან უამრავი უცნაური გაერთიანება მიიწება "ლელომ", სადაც ბევრი ხალხია ბევრ-ბევრი პრეტენზიით, ამ ყველას დაბინავება ხომ უნდა პარტიულ სიაში?.. მერე გახარიას როგორ უთანხმებ ამ ყველაფერს?!

წარმოიდგინეთ, "ლელოში" ერთად ახლა ისეთი ხალხია, რომლებიც სათოფეზეც კი არ გაეკარებოდნენ ისეთებს ეუბნებოდნენ ერთმანეთს და ისე მოიხსენიებდნენ, და ისინი თუ შეთანხმდნენ, რა უნდა ყოფილიყო ისეთი, ჩემი აზრით, სუფთა პრაგმატული შეუთანხმებლობა მოხდა, ვიღაცებმა, ალბათ, არ დათმეს ადგილები სიაში,“ - აცხადებს ჰერმან საბო.

დღის ამბები