20 სექტემბერი 2024,   00:51
ვრცლად
ეს ძალები აბსოლუტურად კონტროლდებიან ქვეყნის გარედან - ყველა ის შეკრება, შემდგომ გაყრა, არის კონტროლირებადი - თენგიზ შარმანაშვილი გახარია-ხაზარაძის ვერშემდგარ ერთობაზე

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის მოლაპარაკებებს ეხმაურება. "დღის კურიერის" ეთერში, შარმანაშვილი ამბობს, რომ ეს ძალები ქვეყნის გარედან კონტროლდებიან. 

ის ეხმაურება იმ ფაქტს, რომ ამ ორ ძალას შორის შეთანხმება ვერ შედგა. მისი თქმით, "ასეთი ტიპის ხელოვნური პროექტები მრავალჯერ დამარცხდება მომავალშიც, მრავალჯერ წარუმატებლად დამთავრდება, ვინაიდან, ქართველი ხალხი უკვე კარგად ხედავს ასეთი ტიპის ძალები საიდან იმართებიან".

"ჩვენ დიდი ხანია, განვაცხადეთ და ამის მრავალი საბუთი გვაქვს და არგუმენტიც მოვიყვანეთ, რომ ეს ძალები აბსოლუტურად კონტროლდებიან ქვეყნის გარედან. ასეთ ვითარებაში, ყველა ის შეკრება, შემდგომ გაყრა არის კონტროლირებადი. უბრალოდ, მათ პატრონებმა წამოიწყეს პროექტი, რომ შეესაღებინათ ქართველი ამომრჩევლისთვის, თითქოს, ხდებოდა მესამე ძალის გაერთიანება, რომელიც არ იყო დაკავშირებული არც "ნაციონალურ მოძრაობასთან", არც მმართველ ძალასთან. თითქოს, ეს იყო რაღაც მესამე ძალა, გადამრჩენი ძალა, რომლის შეკრებაშიც, ასევე, გადამრჩენი სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობდა და ეს უნდოდათ შეესაღებინათ ქართველი ამომრჩევლისთვის. მაგრამ დარწმუნდნენ მათი პატრონები, რომ ქართველ ხალხს შეცდომაში ვერ შეიყვანდნენ, იმიტომ, რომ მრავალი განცხადება გაკეთდა და შეწყვიტეს ეს პროექტი. შეწყდა იმის გამო, რომ დიდი გამოცდილება მიიღო ქართველმა ამომრჩეველმა და ასე ადვილი მოსატყუებელი არ არის. მომავალშიც ნახავთ, რომ ასეთი ტიპის ხელოვნური პროექტები მრავალჯერ დამარცხდება, მრავალჯერ წარუმატებლად დამთავრდება, ვინაიდან, ქართველი ხალხი უკვე კარგად ხედავს ასეთი ტიპის ძალები საიდან იმართებიან.

სრულიად უადგილოა ახლა იმაზე საუბარი, თითქოს ნომერი ვერ გაიყვეს, ან თითქოს ისე წარმოვადგინოთ, რომ ეს იყო სალომე ზურაბიშვილის შიდა ინიციატივა, არავისთან შეუთანხმებელი, თავისი მოფიქრებული კეთილშობილი მიზნებით და ა.შ. დამერწმუნეთ, ყველა ეს, რომელიც ჩამოვთვალეთ, არის კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც აბსოლუტურად კონტროლდება უცხოეთიდან." - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი. 

 

დღის ამბები