20 სექტემბერი 2024,   00:57
ვრცლად
საგამოძიებო ორგანოები ვალდებული არიან შეამოწმონ ეს ფაქტი - თენგიზ შარმანაშვილი ფრიდონ ბუბუტეიშვილის ჩვენებაზე

თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებშიც კი გამოჩნდა რაიმე ცნობა დანაშაულის თაობაზე, საგამოძიებო ორგანო ვალდებულია გადაამოწმოს ეს ფაქტი და თუ ნიშნები დაინახა, დაიწყოს გამოძიება - ამის შესახებ "დღის კურიერის" ეთერში, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

ასევე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო ორგანოები ვალდებული არიან შეამოწმონ ეს ფაქტი, რასაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს სამართლებრივი რეაგირება.

"მე როგორც იურისტი, გეუბნებით, რომ სიტყვა შეიძლება აქ გაჟღერდეს როგორც უადგილო და რატომ - სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ამბობს, რომ თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებშიც კი გამოჩნდა რაიმე ცნობა დანაშაულის თაობაზე, საგამოძიებო ორგანო ვალდებულია გადაამოწმოს ეს ფაქტი და თუ ნიშნები დაინახა - დაიწყოს გამოძიება. მითუმეტეს, თქვენ წარმოიდგინეთ, რა სამართლებრივი ფასი აქვს სასამართლოზე განცხადებულ ამ ჩვენებას.

რა თქმა უნდა, საგამოძიებო ორგანოები ვალდებული არიან შეამოწმონ ეს ფაქტი და შეიძლება კი არა, მას აუცილებლად მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება. რა ტიპის რეაგირება მოხდება და რით დამთავრდება - ეს მეორე მხარეა, მაგრამ გამოძიებული რომ უნდა იყოს ეს ეპიზოდი დაწვრილებით - ეს ფაქტია, ამას მოითხოვს კანონი.

აბა რას ველოდებით, იტყვის, რომ მე მივეცი ეს დავალებაო? ეს მეორე მხარეა - ეს უკვე გამოძიების საქმეა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ფაქტი გულდასმით იქნება შემოწმებული," - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.

ცნობისთვის, გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ აქციების დროს დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილი გიორგი ვაშაძეს დაკვეთის მიცემაში ადანაშაულებს. ბუბუტეიშვილმა, რომელსაც ბრალი ედება მეხანძრე მაშველის დაშავებასა და პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებაში, სასამართლოზე თქვა, რომ ვაშაძის დავალებით მოქმედებდა. გიორგი ვაშაძემ აღნიშნულზე კი განაცხადა, რომ ბუბუტეიშვილს საერთოდ არ იცნობს.

დღის ამბები