20 სექტემბერი 2024,   00:58
ვრცლად
მასშტაბებიდან გამომდინარე, საქართველო ვერ იქნება წამყვანი, ნაბიჯები მათ უნდა გადადგან - თენგიზ შარმანაშვილი საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე

აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებზე და საქართველო-ამერიკას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე, "დღის კურიერის" ეთერში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ურთიერთობების შენარჩუნებისთვის, ნაბიჯი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გადმოდგას, რადგან მასშტაბებიდან გამომდინარე, საქართველო ვერ იქნება წამყვანი ამ ურთიერთობებში.

ამასთან, როგორც შარმანაშვილი აცხადებს, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს მხრიდან, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს საფრთხე არ შეექმნას:

"მასშტაბებიდან გამომდინარე, საქართველო ვერ იქნება წამყვანი ამ ურთიერთობებში იმ გაგებით, რომ ის იღებდეს სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს. ბურთი მათ მხარეს არის. ჩვენ მრავალჯერ მოვუწოდეთ, რომ მზად ვართ ურთიერთობების გადატვირთვისათვის. არ არის საჭირო ყალბი ნარატივების გავრცელება, რევოლუციური სიტუაციების დაფინანსება და რევოლუციური სიტუაციების მხარდაჭერა. ყველანაირი კონსტრუქციული ურთიერთობისთვის ვიყავით მზად და მივიღეთ ის, რომ რევოლუციურ სიტუაციებსაც აფინანსებენ, მხარდაჭერა ჰქონდათ წინა ელჩისაგან ყოვლად წარმოუდგენელი. ისეთ განცხადებებს აკეთებდა წინა ელჩი, თავად "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებსაც კი შეშურდებოდათ. ნაბიჯები მათ უნდა გადადგან.

რაც შეეხება იმას, რომ ვიდგეთ ჩვენ კუთხეში და ყოველ ჯერზე ხმა არ ამოვიღოთ, ჩუმად გავატაროთ ის, რასაც ვხედავთ და რაშიც მართლები ვართ, ეს ასე არ გამოვა. რა ფორმას მიიღებს ეს ამ ურთიერთობების გადახედვის ნაწილში, ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქმე ასეთ უკიდურესობამდე არ მივიდა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი მხრიდან, საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს საფრთხე არ შეექმნას, თუმცა, იმის ილუზიაც არავის ჰქონდეს, რომ კუთხეში დავდგებით და ხმის ამოუღებლად ვიქნებით ნებისმიერ სიტუაციაში,"- აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი.

დღის ამბები