22 სექტემბერი 2024,   23:19
ვრცლად
დაზიანებული გელათის გადარჩენის ახალი იმედი - გერმანელი სპეციალისტების დახმარებით მე-12 საუკუნის ტაძრის დროებითი გადახურვის პირველი ეტაპი დასრულებულია

გელათი - ადგილი, სადაც რწმენა და ცოდნა ერთმანეთსვე ხვდებოდა. სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობის მთავარ ტაძარში ღვთისმსახურება ამ დროისთვის შეჩერებულია და აქ საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მთლიანად მეტალის კონსტრუქციით არის გარშემორტყმული, რომელიც წლის ბოლომდე სრულად უნდა შეიფუთოს. იმდენად, რომ ტაძარი აღარ გამოჩნდება. სახურავის დროებითი გადახურვის პირველი ფაზა რამდენიმე დღის წინ დასრულდა. ახლა სამუშაოები უკვე გუმბათზე გადაინაცვლებს და ტაძარი ერთიანი გადახურვის ქვეშ მოექცევა. გელათის კომიტეტის წევრები ამის შემდეგ აპირებენ, ძეგლის სახურავზე ძირითადი სამუშაოების დაწყებას - დროებით თუნუქისა და მოჭიქული კრამიტის ფენილის მოხსნას.

გელათის სამონასტრო კომპლექსში საუკუნოვანი ფერწერის ნიმუშების დაზიანების გამო, 2014 წელს დაიწყო ტაძრების გადახურვა. ჩატარებული 5-წლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების მიუხედავად, 2019 წელს ახალდდაგებულ კრამიტში წვიმის წყალი ჩავიდა და ფრესკები დასველდა. ამის შემდეგ ძეგლი დროებით, თუნუქის სახურავით გადახურეს.

გარე ფასადის გარდა, დაწყებულია შიდა სამუშაოებიც. მეტალის კონსტრუქცია მთელ ტაძარს ფარავს შიგნითაც, რომელიც რესტავრატორებს კედლის მხატვრობის აღდგენის პროცესში ეხმარება. საუკუნოვანი ფრესკები მუშავდება და იწმინდება. აქვე ტარდება კვლევებიც. "კურიერი P.S-მა" გადაიღო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გუმბათი და ღვთისმშობლის მოზაიკაც.

ლელა ნინოშვილი გელათის კედლის მხატვრობის კონსერვაციის ქართული ჯგუფის თანახელმძღვანელია, წელიწად - ნახევარია რაც აქ მუშაობს. რესტავრატორების ჯგუფი თვეში ერთხელ 10 დღით მონასტერში სამეცნიერო კვლევას ატარებს.

კონსერვაციის სამუშაოებთან ერთად მიმდინარეობს შუა საუკუნეების კომპლექსის სამეცნიერო შესწავლაც. გელათის კათედრალში გახსნილია ლაბორატორიაც, სადაც კვლევები ტარდება. აქ დროდადრო ჩამოდიან იტალიელი, ინგლისელი და გერმანელი მეცნიერები და ქართველებთან ერთად ტაძარში მიმდინარე სამუშაოებს აკვირდებიან. საპატრიარქოს თხოვნით, ამ პროცესში მონაწილეობს საზოგადოება ივერიისა, რომელიც საინფორმაციო კამპანიასთან ერთად, ფრანგი არქიტექტორების ჩართულობით გელათის გენერალური გეგმის შემუშავებას აფინანსებს. მას შემდეგ, რაც ძეგლზე პასუხისმგებლობა საპატრიარქომ აიღო, სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღდგენით სამუშაოებზე 7 500 000 ლარამდე დაიხარჯა. დამატებით, მთავრობის განკარგულებით 11 მილიონი 500 ათასი ლარი გამოიყო.

ქართული ხუროთმოძღვრების ანსამბლი რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და დრომ ჩვენამდე მოიტანა, რამდენიმე შენობას მოიცავს. აქ გაერთიანებული საქართველოს მეფეთა განსასვენებელი იყო - გელათი, როგორც სახელმწიფოს ერთიანობის სიმბოლო.

გელათის სამონასტრო კომპლექსი "იუნესკოს" მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული. კონსერვაცია - აღდგენის სამუშაოები რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდება.

დღის ამბები