29 სექტემბერი 2024,   20:19
ვრცლად
"სამშობლოში გამარჯვებულად ჩამოსვლა სულ სხვაა - ეს იყო მთელი ჩემი ცხოვრების ოცნება და, მადლობა ღმერთს, გამარჯვებული ვბრუნდები" - მერაბ დვალიშვილი

მერაბ დვალიშვილი საქართველოშია - UFC-ის ქართველი ჩემპიონის გამოჩენას გულშემატკივრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებულად ელოდებოდნენ. დიდი გამარჯვების შემდეგ, ქართველი მებრძოლი სამშობლოში პირველად ჩამოვიდა და ჩამოიტანა საჩემპიონო ქამარიც, რომელიც მან რთულ ორთაბრძოლაში მოიპოვა.

მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ომალი დაამარცხა და, თითქმის ყველა რაუნდში, სრული უპირატესობა მოიპოვა. მისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-11 გამარჯვება იყო. ტიტულისკენ მიმავალ გზაზე მერაბ დვალიშვილმა სამ ყოფილ ჩემპიონს – ჟოზე ალდოს, პიტერ იანსა და ჰენრი სეხუდოს სძლია.

"ვერსად ვერ შეიგრძნობ იმ შეგრძნებას, როგორსაც სამშობლოში. ამერიკაში ვიყავი ეს ორი კვირა, ევროპაშიც ვიყავი, ქართველებსაც შევხვდი, მაგრამ სამშობლოში სულ სხვა არის ჩამოსვლა გამარჯვებულზე. ეს იყო ჩემი ოცნება მთელი ცხოვრების და, მადლობა ღმერთს, გამარჯვებული ვბრუნდები სამშობლოში. გპირდებით, რომ ბევრჯერ გავახარებ ჩემს სამშობლოს. დენა უაითმა გამიკეთა ქამარი, ვიგრძენი ამ ქამრის ფასი, წონა, მნიშვნელობა და დაფასება... 1-2 წამი ჩემი ემოცია ვერ გავაკონტროლე. ახლა უფრო მეტი მოტივაცია მაქვს, რომ ეს ქამარი დიდხანს შევინარჩუნო.

მსოფლიო ჩემპიონი იყო, ჩემი მეგობარი ჰყავდა დამარცხებული, საშიში მოწინააღმდეგე იყო. მე ის ადვილად დავამარცხე, უფრო მეტადაც შემეძლო დომინაცია, უბრალოდ, ძალიან ვფრთხილობდი.

როგორც ჩანს, UFC-ის უნდა, უმარ ნურმაგომედოვი იყოს ჩემი შემდეგი მოწინააღმდეგე. მე, რა თქმა უნდა, მზად ვარ ამ გამოწვევისთვის. რა თქმა უნდა, აბუ-დაბიში ილიასთან ერთად ვიქნები, სხვადასხვა ღონისძიებაში ვარ ასევე ჩართული და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვიჯდები და ბოლო ხმაზე ვიღრიალებ, რომ ილიასთვის ჯერ მისი კუთხე ვიყო და მერე, რა თქმა უნდა, მასთან ერთად გამარჯვება აღვნიშნო," - აცხადებს UFC-ის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი.

 

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი

დღის ამბები