04 ოქტომბერი 2024,   22:45
ვრცლად
"მსურს, თანაგრძნობა გამოვთქვა საქართველოს მოკლული მოქალაქის ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ" - ისრაელის ელჩი

ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ჰადას მეიცადი, ისრაელში საქართველოს მოქალაქის დაღუპვის გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

"მსურს, თანაგრძნობა გამოვთქვა საქართველოს მოკლული მოქალაქის ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. ის თელ-ავივში განხორციელებული საშინელი ტერორისტული შეტევისას დაიღუპა. ამ ინციდენტის შედეგად, ჯამში, 7 ადამიანია დაღუპული. მის გვერდით იდგა დედა - 9 თვის შვილით ხელში, ისიც მოკლეს, თუმცა, საბედნიეროდ, ბავშვი გადარჩა. გუშინ ირანმა 200 ბალისტიკური რაკეტა ისროლა ისრაელის მისამართით, რის გამოც მილიონობით ადამიანი თავშესაფრებში მოხვდა. საბედნიეროდ, არ ყოფილა ხელშესახები ზიანი - ისრაელის თავდაცვისა და იმ კოალიციის წყალობით, რომელსაც აშშ უძღვება. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას. ეს იყო აგრესიისა და პროვოკაციის აქტი, რომელიც ირანმა, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, განახორციელა. ირანი ტერორისტული დაჯგუფებების საყრდენია, რომლებიც, ახლო აღმოსავლეთის გარდა, მთელ მსოფლიოს ემუქრება. ახლა მსოფლიო უნდა გაერთიანდეს და წინ აღუდგეს ამას", - აცხადებს ჰადას მეიცადი.

საქართველოს მოქალაქე, რომელიც ისრაელში ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაიჭრა, კლინიკაში გარდაიცვალა - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. შემთხვევა თელ-ავივთან ახლოს, ქალაქ ია-ფაში, ირანის მხრიდან შეტევის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. ორმა შეიარაღებულა პირმა ცეცხლი რკინიგზის სადგურზე გახსნა. დაიღუპა სულ მცირე 7 ადამიანი, არიან დაჭრილებიც, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. თავდამსხმელები სამართალდამცველებმა გაანეიტრალეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკაში იმყოფებოდა საქართველოს კონსული. უწყების ცნობით, დაწყებულია მუშაობა დაღუპული მოქალაქის საქართველოში გადმოსვენების შესაძლებლობაზე.

დღის ამბები