14 ოქტომბერი 2024,   02:53
ვრცლად
"ეს კანონი არის მისაღები და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი - ლგბტ პროპაგანდა ახლა მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა" - ლევან მაჭავარიანი

კიდევ ერთი თემა, რომლის გამოც ხელისუფლება სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს - პრეზიდენტმა ანტიპროპაგანდისტულ კანონპროექტს ხელი არ მოაწერა. საუბარია პაკეტზე, სახელწოდებით "ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ".

ადმინისტრაციის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილი დოკუმენტს პარლამენტს არც მოტივირებული შენიშვნებით არ დაუბრუნებს - ეს იმას ნიშნავს, რომ მან ვეტოს უფლებით არ ისარგებლა და კანონს, ხუთი დღის ვადაში, ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს კანონი არის მისაღები და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ ლგბტ პროპაგანდა ახლა არის მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ პრეზიდენტის ქმედებები დესტრუქციულ ქმედებებსა და პოლარიზაციის გაზრდას ემსახურება.

"ქალბატონი ზურაბიშვილისგან მივეჩვიეთ ასეთ არათანმიმდევრულ ქმედებებს. კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ, რომ ნებისმიერ რაღაცას, რასაც ის აკეთებს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, მხოლოდ დესტრუქციულ ქმედებებსა და პოლარიზაციის გაზრდას ემსახურება.

ამ კანონპროექტს მან ხელი არ მოაწერა - რა დაინახა ამ კანონში ცუდი, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ ეს კანონი არის მისაღები და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ ლგბტ პროპაგანდა ახლა არის მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა...

ხელს იმიტომ არ აწერს, რომ ეს ევროპული არ არ რის?! იგი ათანაბრებს ევროპასა და ლგბტ ღირებულებებს?! ეს მისი მხრიდან რაღაც ტიპის ხრიკია, რათა ტყუილში შეიყვანოს საზოგადოება, რომ - აი, ვეტოს არ ვადებ. ვეტოს დადების შემთხვევაში, რა მოტივირებული შენიშვნები უნდა დაედო, მაგრამ ხელსაც არ აწერს. მისი გადმოსახედიდან, მას უნდა, რომ "არც მწვადი დაწვას და არც - შამფური", მაგრამ საზოგადოებაში ლუსტრირებულია", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

დღის ამბები