03 ოქტომბერი 2024,   17:28
ვრცლად
ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა

საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ძუძუს კიბო კვლავ მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ მისი ადრეული გამოვლენა და მკურნალობა მნიშვნელოვნად ზრდის გამოჯანმრთელების შანსებს.

ძუძუს კიბო ქალებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა.

ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი მუდმივად ჩართულია ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიებში. კამპანიები მიზნად ისახავს ქალთა ინფორმირებას დაავადების ადრეული გამოვლენის მნიშვნელობაზე და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობაზე.

ძუძუს კიბოს განვითარებისთვის რამდენიმე რისკ ფაქტორი არსებობს:

მავნე ჩვევები - თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება
ჭარბი წონა
დაბალი ფიზიკური აქტივობა
ლაქტაცია
მენსტრუაციის ნაადრევი (12 წლამდე ასაკში) დაწყება
გვიანი მენოპაუზა - ციკლის შეწყვეტა 55 წლის შემდეგ
ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალური საშუალებების ხანგძლივი მიღება
ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია
ძუძუს კიბოს შემთხვევები I და II რიგის ნათესავებში
ანამნეზში გადატანილი ძუძუს კიბო
ანამნეზში გულ-მკერდის ორგანოების სხივური თერაპია
სხვადასხვა რისკ-ფაქტორის არსებობა არ ნიშნავს, რომ სიმსივნე აუცილებლად წარმოიქმნება. ზოგჯერ ძუძუს კიბო რისკ-ფაქტორების გარეშეც შეიძლება განვითარდეს.

ძუძუს კიბოს ადრეული სიმპტომები ხშირად შეუმჩნეველია, რის გამოც რეგულარული სკრინინგი ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, არსებობს ნიშნები, რომლებსაც ყურდღება უნდა მიაქციოთ:

წარმონაქმნი სარძევე ჯირკვალში
დვრილის ჩაბრუნება
დვრილიდან გამონადენი
კანის ფერისა და სტრუქტურის ცვლილება (ე.წ ფორთოხლის კანი)
სარძევე ჯირკვლის სიწითლე, შეშუპება, დაწყლულება
სარძევე ჯირკვლის ზომის და ფორმის ცვლილება 
წარმონაქმნი იღლიის ფოსოში

რა გზები არსებობს პრევენციისთვის?

პროფილაქტიკური გასინჯვა და სკრინინგი;
რეგულარულად ეწვიეთ მამოლოგს პროფილაქტიკური გასინჯვისთვის:
o 18-დან 35 წლამდე – 3 წელიწადში ერთხელ

o 35 წლიდან –  ყოველწლიურად

o 40 წლის შემდეგ, 2 წელიწადში ერთხელ რეგულარულად ჩაიტარეთ ძუძუს კიბოს სკრინინგი

თვითგასინჯვა;
ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარების შემცირება/შეწყვეტა;
ყოველდღიური ვარჯიში;
ჯანსაღი წონის შენარჩუნება;
სწორი კვება-ხილ-ბოსტნეულით და კალციუმით მდიდარი საკვების მიღება,  რაციონში წითელი ფერის ხორცის და ნახევარფაბრიკატების მიღების შეზღუდვა.

როგორ ხდება დიაგნოსტირება?

ჟორდანიას სამედცინო ცენტრში არსებული  დიაგნოსტიკის მეთოდები:

მამოლოგთან კონსულტაცია
რადიოლოგიური გამოკვლევები
სარძევე ჯირკვლის და რეგიონული ლიმფური კვანძების ულტრაბგერა
2D მამოგრაფია
სიმსივნური წარმონაქმნის აღმოჩენისას, წარმონაქმნის მსხვილნემსიანი ბიოფსია (cor-ბიოფსია)
წარმონაქმნის/ლიმფური კვანძის ასპირაციული ბიოფსია (FNA-ბიოფსია)
სიმსივნური წარმონაქმნის კლიპირება
სიმსივნური წარმონაქმნის პრეოპერაციული მარკირება
ბიოფსიური და ოპერაციული  მასალის ციტოლოგიური,  მორფოლოგიური და იმუნოჰისტოქიმური კვლევა
ინტრაოპერაციული ექსპრეს მორფოლოგიური გამოკვლევა

დაავადების კლინიკური სტადირების დადგენის მიზნით:

გულ-მკერდის და მუცლის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია
ჩონჩხის ძვლების სცინტიგრაფია
Pet st-კვლევა საჭიროების მიხედვით

ძუძუს კიბოს მკურნალობის სახეები:

ქირურგიული მკურნალობა
სისტემური ქიმიოთერაპია (ნეოადიუვანტური, ადიუვანტური)
სხივური თერაპია
ჰორმონოთერაპია
თარგეტული თერაპია

კლინიკური ონკოლოგი განსაზღვრავს მკურნალობის გეგმას მას შემდეგ, რაც დადგინდება დაავადების კლინიკური სტადია.

გახსოვდეთ, ყოველთვიურად ჩაიტარეთ ძუძუს თვითგასინჯვა მენსტრუაციის დასრულებიდან მე-7-12 დღეს, მენოპაუზის შემთხვევაში – ყოველი თვის ერთსა და იმავე რიცხვში. თუ თვითგასინჯვისას ძუძუში საეჭვო ცვლილება აღმოაჩინეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

 

 

 

(R)

დღის ამბები