30 დეკემბერი 2024,   21:44
ვრცლად
იქმნება სახელმძღვანელო, რომელიც დედათა და ბავშვთა მოვლის საკითხებს ეხება - რას გულისხმობს ჯანდაცვის სამინისტროსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ახალი პროექტი

ჯანდაცვის სამინისტრო, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან ერთად, ახალ პროექტზე მუშაობს. იქმნება სახელმძღვანელო, რომელიც დედათა და ბავშვთა მოვლის საკითხებს ეხება. სამუშაო ვერსიაზე მუშაობა დასრულებულია. სახელმძღვანელოს მიხეილ სარჯველაძე იაპონიიდან სპეციალურად ჩამოსულ ექსპერტებთან ერთად გაეცნო. ჯანდაცვის მინისტრმა, სამუშაო ჯგუფის წევრებს, სერტიფიკატებიც გადასცა.

"მხვდა წილად პატივი, რომ არაერთი პროექტის შესახებ მქონდეს ინფორმაცია, რომელსაც საქართველოში "ჯაიკა" ახორცილებს. ისე როგორც ამ კონკრეტულ პროექტშიც, ყოველთვის და ეს დამახასიათებელი ნიშან-თვისება გახლავთ ამ პარტნიორთან თანამშრომლობის, ისინი ყოველთვის ორიენტირებულები არიან იმის გარკვევაზე რა სჭირდება ყველაზე მეტად საქართველოს. საქმე, რომელსაც აქ გაუერთიანებიხართ ამდენი ადამიანი, ამდენი პროფესიონალი, აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და ყველას კარგად მოგეხსენებათ თუ რაოდენ დიდია მნიშვნელობა ზოგადად ჯანმრთელობის დაცვისას საზოგადოდ, მაგრამ როდესაც საქმე ეხება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობას,“ - აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.

პროექტში ჩართულები არიან როგორც იაპონელი ექსპერტები, ასევე ქვეყნის წამყვანი მეან-გინეკოლოგები, ნეონატოლოგები, პედიატრები, ოჯახის ექიმები და მეანი ექთნები.

"დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმძღვანელო, გამიზნულია დედებისთვის, რათა თითოეულ ოჯახს ესმოდეს, თუ რა სერვისები სჭირდებათ ბავშვებსა და დედებს, აქ ასევე ასახულია ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოუარონ ბავშვებს სახლში. ეს ინფორმაცია გაერთიანებული და თავმოყრილია ამ სახელმძღვანელოში. ის საშუალებას აძლევს ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით დედებს, ასევე მათ მეუღლეებს, ოჯახის სხვა წევრებს, ჩაერთონ დედისა და ბავშვის სათანადო ზრუნვაში," - აცხადებს დედათა და ბავშვთა საკითხებში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს უფროსი მრჩეველი კეიკო ოსაკი.

 

დღის ამბები