24 დეკემბერი 2024,   21:49
ვრცლად
მასშტაბური სპეცოპერაცია ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ  - დაკავებულია 30 პირი, მათგან 25 გასაღების ბრალდებით

ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვის კადრები სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინებით გადაიღეს. მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ კი პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 30 პირი დააკავა, მათგან 25 რეალიზაციისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ფარულ მასალაში, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ჩანან. კადრების მიხედვით, ისინი ნარკოტიკებს სხვადასხვა ფორმით ასაღებდნენ. ირკვევა, რომ ყველაზე მოსახერხებელი მათთვის ე.წ. დადების მეთოდი იყო. ნარკოტიკულ საშუალებებს ტოვებდნენ ყველგან, სადაც მყიდველს პოვნა გაუადვილდებოდა, მათ შორის, სადარბაზოებში და სკვერებში. კლიენტს ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ მაშინ აწვდიდნენ, როდესაც მომხმარებელი მითითებულ ანგარიშზე ფულს ჩარიცხავდა.

"კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულ 30 პირს შორის არიან ირანის, ლატვიის, ყაზახეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროს და საუდის არაბეთის მოქალაქეები. გამოძიების ინფორმაციით, ყველა მათგანის საცხოვრებელ სახლებში ჩატარდა ჩხრეკა.

ემ-დე-ემი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, ჰეროინი, ბუპრენორფინი, მეტადონი, კეტამინიტრამადოლი, მეფედრონი, ალფა-პევეე და მარიხუანა - ამ დასახელების ნარკოტიკული საშუალებები სამართალდამცავებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ჩხრეკისას ამოღებულია, ასევე, სავარაუდოდ რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა და ელექტროსასწორებიც.

ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ სპეცოპერაცია, სამართალდამცველებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარეს. თითქმის ყველა ბრალდებული პოლიციამ საკუთარი ბინიდან აიყვანა. "კურიერი" რამდენიმე მათგანის მისამართზეც იმყოფებოდა. როგორც მეზობლები ყვებიან, დანაშაულის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყვეს, როდესაც ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ.

ნარკოდანაშაულის საქმეზე დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად უკვე წარედგინათ, ნაწილი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს, ნაწილი კი დუმილის უფლებას იყენებს. ყველას ჰყავს ადვოკატი - ინტერესების დამცველებს საქმის კონკრეტულ გარემოებებზე საუბარი ამ ეტაპზე არ სურთ.

ნარკოდანაშაულის საქმეზე გამოძიება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების, გასაღების მცდელობის, გასაღების მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს, დაკავებულებისთვის წარდგენილი ბრალი 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები