11 ოქტომბერი 2024,   11:15
ვრცლად
"ცხოველების მეგობარი" - შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობის ჩამოყალიბების მიზნით ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო სკოლებში შეხვედრებს ატარებს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, დედაქალაქის სკოლებში საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრებს ატარებს.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პროექტის მიზანია, მოზარდებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება, სოციალური პასუხისმგებლობის წახალისება.

"გაკვეთილის განმავლობაში, მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:

რას ნიშნავს ცხოველის კეთილდღეობა;

რა უფლებები აქვს ცხოველს;

მიუსაფარი ცხოველების პრობლემები და საჭიროებები;

რატომ უკეთიათ ძაღლებს "საყურე";

რა პასუხისმგებლობა აქვს ცხოველის პატრონს და ზოგადად, ადამიანს;

ცხოველების მიმართ ჩამოყალიბებული სტერეოტიპები და არარაციონალური შიშები;

მიუსაფარ ცხოველებთან ურთიერთობის წესები;

პატრონის მიერ ცხოველის მიტოვების პრობლემა;

როგორ უნდა მოვიქცეთ გასაჭირში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში.

შეხვედრის ფარგლებში, მოსწავლეები მოკლემეტრაჟიან ფილმებს ნახავენ და მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე იმსჯელებენ", - აღნიშნულია ცხოველთა მონიტორინგის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცობით, სოციალური პასუხისმგებლობის წახალისების მიზნით, იმ მოსწავლეებს, რომლებიც ცხოველების კეთილდღეობისთვის სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებენ, სააგენტო სერტიფიკატებს გადასცემს და მიანიჭებს სტატუსს - "ცხოველების მეგობარი".

"გთხოვთ, გამოგვეხმაუროთ! ერთად შევუწყოთ ხელი მოზარდებში ცხოველებისადმი ჯანსაღი და ჰუმანური განწყობის ჩამოყალიბებას.

მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს, რომელთაც გსურთ, სააგენტომ თქვენს კლასში აღნიშნული შეხვედრა გამართოს, დარეკეთ ცხელ ხაზზე - 032 2 421 424 ან მოგვწერეთ სოციალური ქსელის საშუალებით", - აღნიშნულია ცხოველთა მონიტორინგის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები