21 დეკემბერი 2024,   16:08
ვრცლად
ომის 960-ე დღეს, რუსეთმა მიზანში ოდესა ამოიღო - ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურაზე საოკუპაციო ძალების საჰაერო იერიშს 8 ადამიანი ემსხვერპლა

ომის 960-ე დღეს, რუსეთმა მიზანში ოდესა ამოიღო. ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურაზე საოკუპაციო ძალების საჰაერო იერიშს 8 ადამიანი ემსხვერპლა, 11 კი დაშავდა. ოდესაზე ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებული თავდასხმის გამო დაზიანდა პანამის დროშით მცურავი სატვირთო გემიც.

გვიან ღამით რუსეთის სამიზნე კიდევ ერთხელ გახდა ვოლოდიმირ ზელენსკის მშობლიური ქალაქიც. კრივოი როგზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, დანგრეული კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა 7 ადამიანი ამოიყვანეს. სარაკეტო დარტყმები იყო ნიკოლაევსა და ხერსონის ოლქის რამდენიმე დასახლებაზეც. ზაპოროჟიეში კი რუსეთის იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.

არ დააყოვნა ოფიციალური კიევის პასუხმაც. უკრაინის თავდაცვის ძალებმა კამიკაძე დრონებით იერიში მიიტანეს რუსეთის ადიღეს რესპუბლიკაში მდებარე სამხედრო აეროდრომ ხანსკაიაზე. თავდასხმა დაადასტურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც. უკრაინის გენშტაბში კი თქვეს, რომ სამიზნე აეროდრომზე განთავსებული სუ-34 და სუ-27 ტიპის თვითმფრინავები იყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადა. უკრაინამ დაარტყა კრასნოდარის ოლქში, რუსეთის შაჰიდის ტიპის დრონების საწყობ ბაზასაც.

ვითარება კრიტიკული რჩება ფრონტის ხაზზე, სადაც უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუსეთის არმიის ათობით იერიში მოიგერიეს.

ფრონტზე არსებული მძიმე ვითარების ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა ევროპაში ტურნე დაიწყო. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო დახმარების მისაღებად პარტნიორების დარწმუნება ბრიტანეთიდან დაიწყო. ომში მყოფი ქვეყნის ლიდერი უკვე შეხვდა გაერთიანებული სამეფოს პრემიერსა და ნატოს ახალ გენერალურ მდივანს.

ზელენსკის შემდეგი გაჩერება პარიზია, სადაც ის ფრანგ კოლეგას ელისეის სასახლეში შეხვდა. იგეგმება გერმანიაში გამგზავრებაც. ევროპაში უკრაინის პრეზიდენტის ამგვარი მოგზაურობა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ავიაბაზა რამშტაინში ომში მყოფნი ქვეყნის საკვანძო მნიშვნელობის მქონე მოკავშირეთა შეხვედრა გადაიდო.

 

დღის ამბები