04 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
ჰიპნოზი და იოგას ვარჯიში, რომელიც სექსუალური ძალადობით სრულდება - ქართველმა სამართალდამცველებმა საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს

იოგას ამოფარებული სექს-ტრეფიკინგი - “გაცნობებთ, რომ საერთაშორისო კრიმინალური ჯგუფი იოგას საფარქვეშ მიმდევრებს აიძულებს დაეთანხმონ სექსუალურ ურთიერთობებს ე.წ. მასწავლებლებთან. გონებრივი მანიპულაციური ტექნიკით ახერხებენ ქალებში ყოველგვარი წინააღმდეგობის ცნების გაქრობას. ქალები აეროპორტიდან წაიყვანეს, ჩამოართვეს ნივთები და მიიყვანეს ჯგუფის ლიდერთან სქესობრივი კავშირის დასამყარებლად,“ - ამ განცხადებით ინტერპოლის ბიურო პარიზიდან ქართველ სამართალდამცველებს ატყობინებს, რომ განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები საფრანგეთის მართლმსაჯულებას გადასცენ.

რუმინელი წყვილი თურქეთიდან საქართველოში სარფის გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა. ცოლ-ქმარი მიხაი და ადინა სტოიანები საფრანგეთის მოთხოვნით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით იძებნებოდნენ. სექს-ტრეფიკინგი, გაუპატიურებები და გატაცებები – ეს იმ ბრალდებების არასრული ჩამონათვალია, რასაც დაკავებულებს ედავებიან.

საერთაშორისო გამოძიებით დგინდება, რომ იოგას საფარქვეშ მოქმედი დანაშაულებრივი ქსელი, საფრანგეთში, რუმინეთში, ფინეთსა და კიდევ სხვა არაერთ ქვეყანაში მოქმედებდა. სპირიტუალურ სეანსებში ათობით ადამიანი იყო ჩართული. ფსიქოლოგიური ზემოქმედების გზით, რიტუალი ხშირ შემთხვევაში სექსუალური ძალადობით სრულდებოდა. ახალგაზრდა ქალები ნების საწინააღმდეგოდ, ან უმწეო მდგომარეობაში სქესობრივ კავშირს ამყარებდნენ სექტის დამფუძნებელთან, 72 წლის გრეგორიან ბივოლარუსთან.

აჭარაში დაპატიმრებული მიჰაი და ადინა სტოიანები კულტის დამფუძნებელს, გრეგორიან ბივოლარუს საკუთარ მენტორად მოიხსენიებენ. ისინი ამ თემაზე ხშირად ვიდეო ბლოგებსაც წერდნენ და დაჯგუფების პოპულარიზაციას აქტიურად ეწეოდნენ სოციალურ ქსელებში.

“მიზეზი, რის გამოც პოლიცია გრეორგიან ბივოლარუს დევნის, არის ის, რომ მან დაიწყო ხალხის გამოღვიძება. მან ადამიანებს საკუთარი თავის აღმოჩენის ძლიერი სულიერი მეთოდები ასწავლა. ის იყო და არის დიდი მენტორი, რომელიც ხალხს შთააგონებს. ხელისუფლებები ასეთ ავტორიტეტებს საფრთხედ აღიქვამენ და მთელი ეს მედიაკამპანიაც, მისი იმიჯის დაზიანებისკენ არის მიმართული,“ - ამბობს მიჰაი სტოიანის ერთ-ერთ ინტერვიუში.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული ცოლ-ქმარი დანაშაულებრივი სექტის ტოპ-მენეჯერები იყვნენ. ისინი პირადად მონაწილეობდნენ სხვადასხვა კრიმინალურ ქმედებაში. ერთ-ერთი ვერსიით, ცოლ-ქმარი თბილისსა და ბათუმში იოგას ცენტრის დაფუძნებას და იდეოლოგიის გავრცელებას აპირებდა. ადვოკატი ამ ვერსიას უარყოფს და “კურიერი პიესთან“ ამბობს, რომ დაკავებულები ქვეყანაში ტურისტული მიზნით შემოვიდნენ.

საფრანგეთში სექტის დამფუძნებლის დაკავების დროს პოლიციამ კონსპირაციულ ბინაში უმწეო მდგომარეობაში მყოფი ათობით ქალი იპოვა. დაზარალებულების ნაწილმა ორგანიზაციის ლიდერების წინააღმდეგ ჩვენება უკვე მისცა.

დანაშაულებრივი ქსელი ჯერ კიდევ 90-იან წლებში ტანტრული იოგას ინსტრუქტორმა, გრეგორიან ბივოლარუმ დააფუძნა. მას შემდეგ არაერთი ქალი, მათ შორის რამდენიმე მოზარდი იოგას საფარქვეშ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. თავად კულტის ლიდერი გასული წლის ნოემბერში პარიზის გარეუბანში, მასშტაბური სპეცოპერაციის დროს დააპატიმრეს. საფრანგეთის გარდა, ორგანიზაციის ლიდერებზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში.

დღის ამბები