17 ოქტომბერი 2024,   23:21
ვრცლად
დღეიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ახალი მისამართი აქვს

ლუბლიანას 70 ნომერი - დღეიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ახალი მისამართი აქვს. 11 სართულიანი შენობა თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო. კლინიკა, რომელსაც კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი ემსახურება, ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით, ტომოგრაფიის, ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური სამედიცინო ტექნიკითაა აღჭურვილი. საავადმყოფოს ახალი შენობა დღეს პრემიერ-მინისტრმა გახსნა.

ახალ შენობაში სამშენებლო სამუშაოები კომპანია “ანაგმა“ უზრუნველყო. ინფექციური საავადმყოფო 83 საწოლზეა გათვლილი. კლინიკას, გადაუდებელი ამბულატორიული განყოფილებაც დაემატა. პაციენტებს ადგილზე ყველა საჭირო-სავალდებულო კვლევების ჩატარების შესაძლებლობა აქვთ. სამომავლოდ საავადმყოფო უახლესი მაგნიტო-რეზონანსული ტექნიკითაც აღიჭურვება. საერთო ჯამში, სამედიცინო დაწესებულებაში 352 თანამშრომელია დასაქმებული.

კლინიკას სახელწოდება 2024 წელს, გენერალური დირექტორის გარდაცვალების შემდეგ შეეცვალა და მას თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო - პრაქტიკული ცენტრის სახელი მიენიჭა. ახალი შენობის გარე ფასადზე დღესვე თენგიზ ცერცვაძის მემორიალური დაფა გაიხსნა, რომელზეც მის ხელმოწერასთან ერთად, მისივე სიტყვებია დატანილი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფო 1953 წელს დაარსდა. 1989 წელს კი კლინიკაში შიდსის განყოფილება შეიქმნა , რომლის ხელმძღვანელადაც თენგიზ ცერცვაძე დაინიშნა. ის სამედიცინო დაწესებულებას სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა.

დღის ამბები