19 ოქტომბერი 2024,   13:38
ვრცლად
ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის მიმდებარე ქუჩასა და სკვერს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელი მიენიჭა

სებ-ის ინიციატივითა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის მიმდებარე ქუჩასა და სკვერს საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელი მიენიჭა. შესაბამისად, საკასო ცენტრის ახალი მისამართია - თბილისი, იასონ ლორთქიფანიძის ქუჩა #2 (ნაცვლად კახეთის გზატკეცილი # 72-სა).

"იასონ ლორთქიფანიძეს უდიდესი ღვაწლი აქვს საქართველოს საფინანსო სექტორის განვითარებასა და თანამედროვე საქართველოს ჩამოყალიბებაში. მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება, ამ მცირე ნაბიჯით დავაფასოთ მისი ღვაწლი. დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენი თანამოქალაქეებისთვისაც სასიამოვნო სიახლე იქნება", - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე, თბილისის საკრებულოს წევრები და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები.

"იასონ ლორთქიფანიძე 1919-1921 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველი. მისი წვლილი განსაკუთრებულია არა მხოლოდ ცენტრალური ბანკის ჩამოყალიბების, არამედ სხვა არაერთ ეროვნულ საქმეში - ის იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი; სათავეში ედგა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას; იყო ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელი კომისიის წევრი; მისი თაოსნობით, განჯაში ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის ადგილსამყოფელი მოიძიეს. ის ცნობილი ქართველი მწერლის, ნიკო ლორთქიფანიძის უფროსი ძმაა", - აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

წელსვე თბილისში, ანტონ ფურცელაძის N12-ში, იასონ ლორთქიფანიძის მემორიალური დაფა გაიხსნა.

დღის ამბები