19 ოქტომბერი 2024,   19:28
ვრცლად
ვახტანგ მეგრელიშვილი პრეზიდენტის ქარტიაზე: ეს პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ყველაზე დამაზიანებელია თავად ოპოზიციისთვის

"გირჩის" წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებულ ქარტიას "ოპოზიციისთვის დამაზიანებელი" უწოდა. როგორც მეგრელიშვილმა "დღის კურიერში" განაცხადა, პრეზიდენტისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელების უფლების გადაცემა "რადიკალურად არასწორი" დამოკიდებულებაა.

"ეს პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ჩვენი აზრით, ყველაზე დამაზიანებელია თავად ოპოზიციისთვის, რადგან 1 კვირით ადრე არჩევნებამდე, ფაქტობრივად, კამპანია არ ჩატარებულა ქვეყანაში და მიუხედავად იმისა, როგორ დასრულდება 26-ში არჩევნები, ჩვენს კოლეგებს ოპოზიციიდან ხელი აქვთ მოწერილი, რომ ისინი არ მიიღებენ მთავრობის დაკომპლექტებაში მონაწილეობას და პრეზიდენტისთვის აქვთ ეს უფლებამოსილება წინასწარ გადაცემული. ეს, ერთის მხრივ, გაუგებარია ამომრჩევლისთვის - რატომ მიდის ის არჩევნებზე 26-ში და რატომ უნდა მისცეს ამ პარტიებს ხმა, მითუმეტეს იმ პირობებში, რომ არჩევნებამდე 1 კვირით ადრე, არც კი ვიცით პიროვნება, რომელიც შეიძლება გახდეს პრემიერი. ეს არის რადიკალურად არასწორი დამოკიდებულება, ზოგადად, პოლიტიკისადმი და საკუთარი ამომრჩევლისადმი.

ამასთანავე, კამპანია წარმოებს ტყუილებით და ის, რომ სახელად დავარქვით პროდასავლური ოპოზიცია, ჩემი აზრით, შეცდომაში შემყვანია და არაფერს არ ნიშნავს. რას ნიშნავს პროდასავლური? პროდასავლურობაა ის, რომ, მაგალითად, ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიას ისე ჩაატარებს, ისე ებრძვის ე.წ. პრორუსულ ხელისუფლებას, გადამწყვეტი არჩევნები რომ მოვიდა საქართველოში, ვერ ბედავს, რომ საკუთარი მედიასაშუალებები გახსნას და არათუ "ქართულ ოცნებას" არ ელაპარაკება, არათუ ჩვენთან არ ლაპარაკობენ, რადგან უბრალოდ უცნაური წარმოდგენები აქვთ ყველაფერზე, არამედ ერთმანეთშიც არ ლაპარაკობენ. ეს, ჩემი აზრით, არის ტროას ცხენი (როგორც იაგომ დაუძახა პრეზიდენტის ამ ინიციატივას), რომელიც, ერთის მხრივ, დამაზიანებელია ოპოზიციის წინასაარჩევნო პერიოდში, კაცმა არ იცის, როგორ სკანდალებს გამოიწვევს," - აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.

დღის ამბები