20 ოქტომბერი 2024,   23:31
ვრცლად
ფოთში მესამე დღეა სტიქიას ებრძვიან -  წვიმამ და ქარბორბალამ საცხოვრებელი სახლები დააზიანა

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ფოთში. დატბორილია ქუჩები, ეზოები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები. სტიქიის შედეგად, საყოფაცხოვრებო ნივთები დაზიანდა რამდენიმე ოჯახში.

შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობიან შესაბამისი სამსახურები. გრძელდება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებიც. სტიქიასთანდაკავშირებით განცხადება ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამაც გაავრცელა. 

"ფოთში, მესამე დღეა სტიქია გრძელდება. გუშინ საღამოს განმეორდა ქარბორბალა, რამაც დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები. ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.

ამ დროის მონაცემებით, ნაბადის უბანში ქარბორბალას შედეგად 13, წვიმის შედეგად კი 23 ოჯახი დაზიანდა. ცენტრის უბანში დაზარალებულია - 45 ოჯახი, კუნძულის უბანში ქარბორბალას შედეგად 3, ხოლო წვიმის შედეგად 20 ოჯახია დაზარალებული. მალთაყვის უბანში ქარბორბალას შედეგად დაზიანდა 30 საცხოვრებელი სახლის სახურავი, დატბორვის შედეგად კი 80 საცხოვრებელი სახლი.

შეტყობინებების შემოსვლა და ზარალის ოდენობის დათვლა გრძელდება. დაზარალებულ ოჯახებზე კომპენსაციები უმოკლეს პერიოდში გაიცემა.

მერიის შესაბამისი სამსახურები აგრძელებენ მუშაობას ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად და შემდგომი დღეების განმავლობაშიც აქტიურად გაგრძელდება სამუშაოები", - აღნიშნულია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები