23 ოქტომბერი 2024,   15:29
ვრცლად
Galt&Taggart-ის ეკონომისტი - ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციები პოზიტიურ ჭრილში უნდა განვიხილოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ლარის სტაბილურობის პოზიტიური ეფექტები უფრო მაღალია, ვიდრე ის ხარჯი, რაც ეროვნულ ვალუტაზე ერთჯერადი ტრანზაქციების გასანეიტრალებლად იყო გაწეული, - ასე აფასებს Galt&Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე სებ-ის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებს.

მისი თქმით, აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, მთლიანობაში, სებ-ის ინტერვენციები პოზიტიურ ჭრილში უნდა განვიხილოთ.

“ფუნდამენტური ფაქტორები მართლაც კარგი გვაქვს, რაც იმას განაპირობებს, რომ ლარის კურსის რყევები დიდი არ არის. სწორედ ამ ფუნდამენტური ფაქტორების სიძლიერე გადაწონის პოტენციური რისკებიდან მომდინარე უარყოფით მოლოდინებს, რომელიც მიმდინარედ არსებობს ბაზარზე“, - ამბობს ლაშა ქავთარაძე.

მისი განმარტებით, სავალუტო ფონდის ერთ-ერთ სტატიაში აღნიშნულია, რომ ისეთ ქვეყნებს, სადაც ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვან როლს თამაშობს, შეუძლიათ ინტერვენციების განხორციელება, რათა ვალუტაზე ერთჯერადი შეტევები მოხსნილი იყოს.

“ამ კუთხით თუ შევხედავთ, ბოლო ინტერვენციამდე, ეროვნული ბანკი მიმდინარე წელს ვალუტის წმინდა შემსყიდველი იყო. თუმცა ბოლო $65 მილიონიანი ინტერვენციის შედეგად, სებ-ის წმინდა ვალუტის გაყიდვა დაახლოებით $30 მილიონს შეადგენს წლის დასაწყისიდან დღემდე, ჩვენი შეფასებით“, - ამბობს ლაშა ქავთარაძე.

დღის ამბები