23 ოქტომბერი 2024,   17:24
ვრცლად
“ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ ყალბ ღირებულებებზე, რომელსაც ემსახურებიან“ - მარიამ ლაშხი “ძლიერი საქართველოს“ შესახებ

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების“ წევრის, მარიამ ლაშხის განცხადებით, როგორც კი ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმის გამო “ძლიერი საქართველოს“ სიის 52-ე ნომერი, დავით ფერაძე დააკავეს, პარტია მას მაშინვე განუდგა.

ლაშხის თქმით, აღნიშნული ფაქტი “ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკურ ღირებულებებზე მიუთითებს.

მისივე თქმით, ერთადერთი პარტია, რომელიც ადამიანის უფლებებზე ზრუნავს ეს “ქართული ოცნებაა“.

"მაშინვე განუდგებიან ხოლმე თავის გუნდის წევრებს და ამბობენ, რომ ისინი მათი წევრები არ არიან, რაც არასწორ პიროვნულ თვისებებზე მიუთითებს.

როდესაც ნებისმიერი საზოგადოების წარმომადგენელს იცავ და თან შენივე საპარლამენტო სიის წევრი არის ამ [საზოგადოების] წინააღმდეგი, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ ყალბ ღირებულებებზე, რომელსაც ემსახურებიან.

თუ ვინმე იცავდა და ზრუნავდა ადამიანის უფლებებზე, ეს არის “ქართული ოცნება“ - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ცნობისთვის, ტრანსგენდერ ქალზე, ნატა ტალიკიშვილზე თავდასხმის გამო “ძლიერი საქართველოს“ საპარლამენტო სიის 52-ე ნომერი, დავით ფერაძე დააკავეს. ის სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ უკვე გაათავისუფლა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ნატა ტალიკიშვილს, მისთვის უცნობმა მამაკაცმა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, თავში ქვის ნატეხი ჩაარტყა. დაშავებულის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე განცხადება გამოაქვეყნა ანა დოლიძის პარტიამ “ხალხისთვის“. პოლიტიკურ გუნდში აცხადებენ, რომ დავით ფერაძემ ერთი თვის წინ, მისი ნებით დატოვა პარტია. აქვე აღნიშნულია, რომ გმობენ ძალადობის ყველა გამოხატულებას.

დღის ამბები